Belive

შოთა არველაძე: ,,მოხარული ვარ, რომ ჰალ სიტიმ მომცა შესაძლებლობა, ჩემი კარიერული ოცნება ამეხდინა''

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

შოთა არველაძემ სოციალური ქსელის საშუალებით ყოფილ გუნდს - ,,ჰალ სიტის'' მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა:

,,მუშაობა და ცხოვრება კუნძულზე, რომელიც ნებისმიერი ფეხბურთელისთვისა და მწვრთნელისთვის საოცრებათა ქვეყანაში მოგზაურობას ჰგავს, მაბედნიერებს და მოხარული ვარ, რომ ,,ჰალ სიტიმ'' მომცა შესაძლებლობა, ჩემი კარიერული ოცნება ამეხდინა.

გუნდის შენების პროცესი ისეთი მდიდარი ისტორიისა და კულტურის მქონე ქვეყანაში, როგორიც ინგლისია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ხელმძღვანელობა ახალი შეცვლილია, წარმოუდგენლად რთულია. ამჯერად, ყველაფერი ისე არ განვითარდა, როგორც 8 თვის წინ, ჩემი დებიუტისას ვისურვეთ.

მინდა, ,,ჰალს'' დიდი წარმატება ვუსურვო. სამწუხაროდ, საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ შევძელით. არის პრობლემები, რომლებიც უნდა გადაიჭრას და საკითხები, რომლებიც მომავალში სწორ მიდგომას საჭიროებს. საბოლოოდ, გარკვეულ საკითხებზე უთანხმოებამ ჩვენი გზები გაყარა, რაც ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გახდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, მჯერა, რომ ,,ჰალ სიტი'' წარმატებული გუნდი იქნება.

მადლობა მინდა გადავუხადო ,,ვეფხვების'' მთელ პერსონალს, სამწვრთნელო შტაბს, პირველი გუნდის, აკადემიისა და სტადიონის თანამშრომლებს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო იმ ფეხბურთელებს, რომლებთანაც ვმუშაობდი. მადლობას ვუხდი მედიას გულწრფელობისთვის რთულ და დაძაბულ მომენტებში. განსაკუთრებული მადლობა გულშემატკივრებს, რომელთა მხარდაჭერა და სიმღერა: ,,ჩვენ გვყავს არველაძე'', ჩემი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მოგონება იქნება,'' - წერს სპეციალისტი სოციალურ ქსელში.

შოთა არველაძე ,,ჰალ სიტის'' მთავარ მწვრთნელად 2022 წლის 27 იანვარს დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით ინგლისურმა გუნდმა 30 შეხვედრა ჩაატარა - 9 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა, 15-ში კი დამარცხდა.

,,ჩემპიონშიფის'' მიმდინარე სეზონში ,,ჰალს'' ზედიზედ 5 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილის მე-20 პოზიციაზეა.

View this post on Instagram

A post shared by Shota Arveladze (@shota_arveladze)

სხვა სტატიები