Belive

შოთა არველაძემ ფულემთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ინგლისის ჩემპიონშიფის 32-ე ტურის შეხვედრაში, გათამაშების ერთპიროვნული ლიდერის, "ფულემის" წინააღმდეგ (0:1) მარცხის შემდეგ, "ჰალ სიტის" ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ კომენტარი გააკეთა.
"ყველანი იმედგაცრუებულები ვართ, რადგან ქულა რომ მოგვეპოვებინა, ვფიქრობ, ყველა იტყოდა, რომ ეს დავიმსახურეთ. ეს არის ფეხბურთი და ჩვენ ვითამაშეთ ლიგის საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ. თუ სტატისტიკას ჩახედავთ, აღმოაჩენთ, რომ მათ ჩემპიონშიფში ყველაზე მეტი გოლი აქვთ გატანილი. ისინი ძალიან სწრაფად თამაშობენ და მათ ერთმანეთის კარგად ესმით. ვფიქრობ, საამისოდ, ამ გუნდმა ბევრი იმუშავა. ჩვენ ვცდილობდით მათ შეჩერებას, გუნდურად დაცვას, გუნდურად შეტევას, რამაც გამახარა. დღეს ნამდვილად ის დღეა, როცა ბიჭებით ვამაყობ - დააფასეთ ისინი მათი ძალისხმევის გამო. ძალიან ცივი და ნალექიანი ამინდი იყო, მაგრამ გულშემატკივრები მოვიდნენ, მხარი დაგვიჭირეს და ნახეს კარგი ფეხბურთი - ორივე გუნდი ცდილობდა ეთამაშა ლამაზი და მიმზიდველი ფეხბურთი. ჩვენ ვიყავით ის მხარე, რომელმაც წააგო თამაში, მაგრამ მომავალში, ამ თამაშიდან გამომდინარე, ბევრი რამ უნდა გაკეთდეს", - თქვა 48 წლის ქართველმა სპეციალისტმა.
"ჰალ სიტის" 32 ქულა აქვს და მე-19 ადგილს იკავებს, რაც გუნდს გასავარდნი ზონიდან სამი საფეხურით მაღლა ყოფნის საშუალებას აძლევს. შემდეგ შეხვედრას "ჰალი" "შეფილდ იუნაიტედის" წინააღმდეგ 15 თებერვალს გამართავს. თბილისის დროით, მატჩი 23:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები