Belive

შტურმის მწვრთნელი: "ასეთი დიდებული გრძნობა არასდროს მქონია..."

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ევროპა ლიგის F ჯგუფის მეხუთე ტურში, ავსტრიულმა გრაცის “შტურმმა” ნიდერლანდულ გრანდს “ფეიენოორდს” უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა. დაპირისპირების 93-ე წუთზე, ერთადერთი გოლის ავტორი ოთარ კიტეიშვილი გახდა, რომელმაც მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და მოედანზე 53-ე წუთზე შემოვიდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, "შტურმის" მთავარმა მწვრთნელმა - კრისტიან ილზერმა მატჩზე და ოთარ კიტეიშვილის გოლზე ისაუბრა.

"პირველ ტაიმში ჩემი გუნდის თამაშით უკმაყოფილო ვიყავი, რადგან მეტოქე გუნდი გაცილებით უფრო აქტიური იყო. შესვენებაზე მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა ბიჭებთან, რამაც შედეგი გამოიღო. დავინახე, რომ მეორე ტაიმში ბიჭები სხვა შემართებითა და ჟინით გამოვიდნენ და მართლაც ყველაფერი უკეთესად გავაკეთეთ.

კიტემ უაღრესად რთული პერიდი გამოიარა. 36 მატჩი გამოტოვა, მძიმე ტრავმა ჰქონდა, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი, რომ მას უდიდესი ფეხბურთის თამაში შეეძლო და ძალიან ველოდებოდი, თუ როდის დაბრუნდებოდა მოედანზე. მას ყოველთვის უდიდესი ზრახვები აქვს და ეს ყველაფერი ამ მატჩში დავინახეთ. ასეთი დიდებული გრძნობა ცხოვრებაში არასდროს არ მქონია".

შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგის F ჯგუფში, 5 ტურის შემდეგ "შტურმი" 8 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება. ასევე 8 ქულა აქვს "ლაციოს", მესამე ადგილზე კი "ფეიენოორდია" 5 ქულით.

ბოლო ტურში "შტურმი" "მიდტიულანდს" ესტუმრება და ქულის მოპოვების შემთხევაში პლეი-ოფის საგზურს მოიპოვებს.

სხვა სტატიები