Belive

შვეიცარიის პროკურატურამ ბლატერი და პლატინი დამნაშავეებად ცნო

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
შვეიცარიის პროკურატურამ FIFA-სა და UEFA-ს ყოფილ ხელმძღვანელებს, ზეპ ბლატერსა და მიშელ პლატინის, თაღლითობაში და სხვა დანაშაულებებში ბრალი წაუყენა. 2 მილიონი ფრანკის უკანონოდ გადარიცხვის საქმეზე, გამოძიება 6 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. სასამართლო რამდენიმე თვეში გაიმართება - 85 წლის ბლატერი და 66 წლის პლატინი სასამართლოს წინაშე შვეიცარიის ქალაქ ბელინცონაში წარსდგებიან. პროკურატურის ვერსიით, 2011 წლის იანვარში, პლატინიმ ბლატერს დამატებითი ანაზღაურების მოთხოვნით მიმართა. წერილში აღნიშნული იყო, რომ პლატინი 1998-2002 წლებში ბლატერის პირადი მრჩეველი იყო, რისთვისაც დამატებითი ანაზღაურება უნდა მიეღო. მოთხოვნილი თანხა (2 მილიონი ფრანკი) პლატინის ანგარიშზე რამდენიმე კვირაში აისახა. სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა ბლატერის საპრეზიდენტო კამპანია, როდესაც იგი ყატარელი მოჰამედ ბინ ჰამამის წინააღმდეგ იბრძოდა. აღსანიშნავი ფაქტია, რომ ახალი პრეზიდენტის არჩევნების პროცესში, პლატინის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენდა და გაჩნდა ეჭვი, რომ თანხა სწორედ ბლატერის ლობირების სანაცვლოდ იყო მოთხოვნილი. მთავარი პროკურორის შეფასებით, გადარიცხვა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძველის გარეშე განხორციელდა. ბლატერი და პლატინი დანაშაულს უარყოფენ - მათი მტკიცებით, 20 წლის წინ, მათ შორის შორის შედგა ვერბალური შეთანხმება, რომლის თანახმადაც, პლატინის სოლიდური ანაზღაურება უნდა მიეღო. როგორც ბრიტანული Sky Sports იტყობინება, ბლატერს ბრალად ედება თაღლითობა, არასწორი მენეჯმენტი, ფიფას რესურსების მითვისება და დოკუმენტის გაყალბება. პლატინის ბრალი თაღლითობაში, არასამართლიან მითვისებაში, გაყალბებასა და ბლატერის არალეგალური საქიამობის მონაწილეობაში წაუყენეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება 2015 წელს დაიწყო - მაშინ საქმეში პლატინი ჯერ არ იყო მხილებული, თუმცა FIFA-ს სამომავლო პრეზიდენტის კანდიდატად, იგი სწორედ ამ პერიოდის შემდეგ არ განიხილებოდა. პოლიციამ FIFA-ს შტაბბინაში რეიდი მოაწყო, ბლატერი კი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. მალევე, FIFA-ს ეთიკის კომიტეტმა პლატინი და ბლატერი საფეხბურთო საქმიანობას რამდენიმე კვირით, მოგვიანებით კი 6 წლით ჩამოაშორა, თუმცა სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ, პლატინის სასჯელი 4 წლამდე შეუმცირა.

სხვა სტატიები