Belive

სიგარეტი ფეხბურთში | როდის გაქრა მავნე ჩვევა ჩვენი ეკრანებიდან?

1 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ
იყო დრო, როდესაც ტელევიზორის ეკრანს მიჯაჭვული ფეხბურთის გულშემატკივარი ხედავდა მწვრთნელებს, რომლებიც აღელვებულები, სიგარეტს დაუფარავად ეწეოდნენ და ეს არავის უკვირდა. მეტიც, თამაშის დასრულების შემდეგ, ან 15-წუთიანი შესვენებისას, კოლოფიდან სიგარეტს ფეხბურთელებიც იღებდნენ. თუმცა, ახალმა ეპოქამ ტენდენციებიც შეცვალა, რომელსაც რეგულაციები, წესები და აკრძალვები მოჰყვა. შედეგად, თამბაქოს კვამლმა კულისებში გადაინაცვლა. მე-20 საუკუნეში, ფეხბურთელებისა და მწვრთნელების სიგარეტით ხელში გამოჩენა ჩვეულებრივი ამბავი იყო. მეტიც, 30-იან წლებში, ინგლისელი ვარსკვლავები თამბაქოს რეკლამასაც კი უწევდნენ. სიგარეტის მწარმოებელმა კომპანიებმა გაიაზრეს, რომ თუკი კოლოფში ფეხბურთელის ვიზუალის მქონე პატარა ბარათს მოათავსებდნენ, მათი გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა. ასეც მოხდა - ცნობილი ამბავია, რომ სერ ბობი რობსონმა, მისი სახის გამოყენების სანაცვლოდ, 3 გინეა (ძველებური ინგლისური ოქროს მონეტა, 1663-1814) მიიღო. იყო საპირისპირო მაგალითებიც: მაგალითად, "არსენალის" მწვრთენლი, ჰერბერტ ჩეპმენი, ახალი ფეხბურთელის შეძენისას ყოველთვის ინტერესდებოდა, იყო თუ არა იგი ალკოჰოლის ან თამბაქოს მომხმარებელი. "ვულვზის" მწვრთნელი, ფრენკ ბაკლი, ფეხბურთელებს მატჩის გამართვამდე 2 დღით ადრე, მოწევის უფლებას აძლევდა, თუმცა თუკი გაიგებდა, რომ მოთამაშემ წესი თამაშამდე 1 დღით ადრე დაარღვია, "დამნაშავე" აუცილებლად დაისჯებოდა.
cigarette

ლეგენდარული სტენლი მეთიუზი მწეველი არ ყოფილა - იგი შრომისმოყვარეობით, ასევე საოცარი ტექნიკური შესაძლებლობებით გამოირჩეოდა. 1954 წელს, მისი საოცარი, მსუბუქი ბურთის კონტროლი რეკლამის შემქმნელებმა სიგარეტ Craven A-ის მსუბუქ გემოსთან დააკავშირეს. იმავე პერიოდში, გამოქვეყნდა კვლევა, რომელმაც მსოფლიოს მედია მოიარა: თამბაქოს მიღება ფილტვის კიბოს გამომწვევ მიზეზად ოფიციალურად დასახელდა, მეთიუზი კი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. მარტივად ახსნადია, თუ რატომ იყენებდნენ თამბაქოს მწარმოებელი კომპანიები ცნობილ ფეხბურთელებს: მათთვის მნიშვნელოვანი სამიზნე აუდიტორია იყო. თუკი სხვებისთვის მისაბაძი, ცნობილი ფეხბურთელი, თამბაქოს მოიხმარდა (მითუმეტეს, კონკრეტული ბრენდის სიგარეტს), ეს სხვებისთვისაც წამახალისებელი უნდა გამხდარიყო.

თუკი YouTube-ზე მე-20 საუკუნის რეკლამებს გადახედავთ, ბევრ უცნაურობას აღმოაჩენთ. მაგალითად, Camel-ის რეკლამაში ცნობილი ექიმები იღებდნენ მონაწილეობას. თუმცა, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ტენდენციამ ცვლილება განიცადა, სპორტში კი თამბაქოს რაოდენობამ იკლო.

დროთა განმავლობაში, სამედიცინო კვლევებზე დაყრდნობით, მსოფლიო თანხმდებოდა, რომ თამბაქოს მოხმარება ჯანმრთელობას დიდ ზიანს აყენებდა და რომ აღნიშნული ჩვევა სპორტსმენების ეფექტიანობაზე პირდაპირ აისახებოდა. თუმცა ცვლილებები ერთ დღეში არ განხორციელებულა. ნაკლებად ცნობილი ფაქტია, რომ ვენის "ავსტრიის" სპონსორი, 1977 წლიდან 2004-მდე, ადგილობრივი კომპანია Austria Tabak გახლდათ და რომ არა 2004 წელს მიღებული კანონი, შესაძლოა საფეხბურთო გუნდის მაისურზე კვლავ სიგარეტის ბრენდის რეკლამა ყოფილიყო დატანილი.

აკრძალვები

1985 წელს, "ბრენდფორდის" სტადიონზე გაჩენილი ხანძრის გამომწვევ მიზეზად, ძირს დაყრილი ნაგვის მიმართულებით გადაგდებული ნამწვი დასახელდა. შედეგად, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის გადაწყვეტილებით, ყველა სტადიონზე რომლის კონსტრუქციაშიც ხე იყო გამოყენებული, სიგარეტის მოხმარება აკრძალა. 2002 წლის კორეა-იაპონიის მსოფლიო ჩემპიონატი იყო პირველი შემთხვევა, როდეასც თამბაქოს მოხმარება სრულად აიკრძალა, თუმცა გერმანიაში, 2006 წელს, თამბაქოს ზონები გამოყოფილი იყო. ამის მიუხედავად, მექსიკის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რიკარდო ლა ვოლპემ, ოფიციალური გაფრთხილება მიიღო: ირანთან მატჩის მიმდინარეობისას, არგენტინელმა მწვრთნელმა ისევ ძველი წესებით იხელმძღვანელა და სიგარეტს ცეცხლი სათადარიგოთა სკამზე მოუკიდა. 2005 წელს, ინგლისში, "გუდისონ პარკი" გახდა პირველი სტადიონი, სადაც აკრძალვა მთელ სტადიონზე გავრცელდა. პრეცენდენტს ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა, მათ შორის, სხვა ქვეყნებშიც. ესპანეთში მოწევა 2011 წელს აიკრძალა, საფრანგეთში 2014-ში და ა.შ. უკანასკნელი 2 დეკადის განმავლობაში, სიგარეტით ხელში მრავალი ფეხბურთელი თუ მწვრთნელი შეუნიშნავთ: ზიდანი, ბუფონი, სნეიდერი, ბერბატოვი, ლიოვი, ბილიჩი და სხვ. თუმცა ერთ-ერთი გამორჩეული, როგორც ბრიტანელები ამბობენ, iconic მწეველი უდავოდ დღეში 3-4 კოლოფის მომხმარებელი, მაურისიო სარი გახლავთ, რომელსაც "ჩელსიში" გადასვლის შემდეგ, ნიკოტინის შემცველი კევის მოხმარება მოუწია, რადგან იტალიისგან განსხვავებით, "ნისლიან ალბიონზე" გაცილებით მკაცრი წესები დახვდა. ლონდონის "არსენალის" ლეგენდარული მწვრთნელი, არსენ ვენგერი მიიჩნევს, რომ "ყველაფერს გააჩნია":
"ფეხბურთელები, რომლებიც სიგარეტს ეწევიან, სხვა ადამიანებს ძალიან ცუდ მაგალითს აძლევენ. თუმცა არსებობენ ტოპ მოთამაშეები, რომლებიც თამბაქოს მოიხმარენ. მთავარი საკითხია, რამდენ ღერს ეწევიან ისინი და აკეთებენ თუ არა ამას სტრესთან გასამკლავებლად. საუკეთესო შემთხვევაში, არამწეველები მისაბაძი ადამიანები არიან, მაგრამ გულშემატკივარი ყველაზე მეტად იმას აფასებს, თუ როგორ პასს გააკეთებს მოთამაშე მოედანზე", - თქვა ვენგერმა.

სხვა სტატიები