Belive

სიხარული, სიამაყე, ზეიმი - 40!

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"წარმომიდგენია რა ხდება თბილისში საქართველოს დედაქალაქში ზეიმია, მთელი ქვეყანა ზეიმობს",-ფენომენალური კოტე მახარაძის ლეგენდარული სიტყვები და ისტორიული გამარჯვება. გამარჯვება, რომელიც არ ყოფილა მხოლოდ სპორტული წარმატება, ეს უფრო ქართველი ერის გამარჯვება იყო. როგორც ხშირად ამბობენ, "დინამო თბილისი" საბჭოთა კავშირში ქართველობის სიმბოლო და დიდ იმპერიაში იდენტობის ელჩი გახლდათ, 1981 წლის 13 მაისი კი მივიწყებული ერთიანობის, საქართველოს გამოღვიძების დღე...
ზუსტად 40 წლის წინ, დიუსელდორფში, "დინამომ" "კარლ ცაისს" გუცაევისა და დარასელიას გოლებით 2:1 აჯობა და სამშობლოში თასების მფლობელთა თასით ხელდამშვენებული დაბრუნდა. სიხარულის, გაოცების, სიამაყის, ბედნიერების და სხვისი გაბედნიერების ემოცია. ემოცია, რომელიც ვერ დაიტია ქართველთა გულებმა და სახლებმა და დედაქალაქი ყიჟინით, ოვაციით და ისეთი ხალხმრავლობით აავსო, სპორტის მიზეზით თბილისს იშვიათად რომ უნახავს. სახლებიდან ეზოებში, ეზოებიდან აეროპორტში და აეროპორტიდან ეროვნულ სტადიონზე - გულანთებული, ჯერარნახული სიხარულით გახარებული ქართველი ქომაგის გზა 1981 წლის გაზაფხულზე.
რა უნდა ითქვას ან დაიწეროს ისეთი, რაც ამ ოთხმა ათეულმა წელიწადმა ვერ დაიტია, რაც უფროსი თაობის ქომაგისგან ჯერ არ გვსმენია და რის განმეორებაზეც ჯერ არ გვიოცნებია. სწორედაც რომ მხოლოდ ოცნება დაგვრჩენია, ოცნება დიდ საფეხბურთო, ეროვნულ გამარჯვებებზე, რომელთანაც ასე ახლოს ვართ. დაე, მე-40 "13 მაისს" ევროპირველობაზე დებიუტამდე დღეების თვლაში შევხვედროდეთ! დინამო: ოთარ გაბელია, თამაზ კოსტავა, ალექსანდრე ჩივაძე (კაპ), ნოდარ ხიზანიშვილი, გია თავაძე, ვიტალი დარასელია, ზაურ სვანაძე (ნუკრი კაკილაშვილი 67), თენგიზ სულაქველიძე, ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი, რამაზ შენგელია მთავარი მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი გოლები: 0:1 გერჰარდ ჰოპე (63), 1:1 ვლადიმერ გუცაევი (67), 2:1 ვიტალი დარასელია (87) მსაჯი: რიკარდო ლატანცი

სხვა სტატიები