Belive

"სილვა კაცი არ არის!" ლაციოს სპორტული დირექტორი განრისხებულია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დავიდ სილვა, რომელსაც მანჩესტერში უკვე ლეგენდარულ ფეხბურთელად მოიხსენიებენ, "ლაციოში" გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო: კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებული იყო და ესპანელს უკვე რომში ელოდებოდნენ, თუმცა მოვლენები მოულოდნელად სხვანაირად განვითარდა და სილვა "რეალ სოსიედადის" ფეხბურთელი გახდა. Sky Sports Italia-ს ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ტვიტერზე ვკითხულობთ, რომ დავიდ სილვამ ესპანურ გუნდთან მოლაპარაკება ფარულად აწარმოა და უკეთესი შეთავაზების მიღებისას, რომაულ გუნდს უარი უკანასკნელ წამს უთხრა. მისივე თქმით, ესპანელი ფეხბურთელის გადაწყვეტილებით განრისხებულია "ლაციოს" სპორტული დირექტორი და ალბანეთის ნაკრების ყოფილი ფორვარდი, იგლი ტარე: "დავიდ სილვას, როგორც ფეხბურთელს, დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ის კაცი არაა," ციტირებს რომანო იგლი ტარეს სიტყვებს. მეტიც, იგლი ტარეს სიტყვები "ლაციოს" ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. იტალიური მედიის თანახმად, დავიდ სილვას ანაზღაურება "ლაციოში" წელიწადში 4 მილიონი ევრო უნდა ყოფილიყო. ამასთან, მას ავტომობილი მოემსახურებოდა და კერძო თვითმფრინავით ყველა ფრენა უფინანსდებოდა. მოულოდნელად, დავიდ სილვამ გადაწყვეტილება შეიცვალა და "რეალ სოსიედადის" რიგებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. Sky Sports-ის ცნობით, ესპანელმა ნახევარმცველმა სან სებასტიანელებთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ანაზღაურების სახით, ყოველწლიურად 10 მილიონ ევროს მიიღებს.

სხვა სტატიები