Belive

სიმეონე: "ჩვენს ზურგს უკან ორი მონსტრია"

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
ლა ლიგის 27-ე ტურში "ხეტაფესა" და მადრიდის "ატლეტიკოს" შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. მიმდინარე სეზონში მორიგი ქულები დაკარგა სიმეონეს გუნდმა, რაც "რეალისა" და "ბარსელონას" საჩემპიონო შანსებს ზრდის. "ხეტაფესთან" დაკარგული ქულების შემდეგ "ატლეტიკოს" არგენტინელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მის გუნდს დამშვიდება სჭირდება და რომ მათი მთავარი მეტოქეები დარჩენილ ტურებში ერთ შეხვედრასაც აღარ წააგებენ. ლა ლიგის მიმდინარე სეზონში "ატლეტიკო" დიდი ხნის მანძილზე იმყოფება პირველ პოზიციაზე და ტიტულის მოგების მთავარი პრეტედენტიცაა, მაგრამ ბოლო 5 შეხვედრიდან გუნდმა მხოლოდ ორის მოგება შეძლო, ერთხელ დამარცხდა და ორჯერ ფრედ ითამაშა. "ატლეტიკოს" ბოლოდროინდელი არადამაჯერებელი ასპარეზობა მის ორ მთავარ კონკურენტს ტიტულისთვის ბრძოლაში, მადრიდის "რეალსა" და "ბარსელონას" აძლევს საუშუალებას, რომ ლიდერთან ჩამორჩენა შეამცირონ. შესაბამისად, ესპანეთის ჩემპიონატის ცხრილის ზედა ნაწილში სიტუაცია სულ უფრო იძაბება. ჟურნალისტებთან საუბარში სიმეონემ აღნიშნა:  
"ჩვენ შეგვექმნა ილუზია, რომ კვლავ გავიმარჯვებდით და უახლოეს მდევრებთან უპირატესობას გავიმყარებდით. ვფიქრობ, რომ გუნდმა კარგად ითამაშა, თუმცა ვერ მოვიგეთ, მაგრამ ახლა სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ. რთულია მთელი სეზონის მანძილზე დამაჯერებლად ასპარეზობა, ჩვენ ვიცით, რომ "რეალი" და "ბარსელონა" სეზონის ბოლომდე აღარ წააგებენ. ნორმალურია, რომ სეზონის ბოლოსკენ ზეწოლა ძლიერდება. ჩვენ თითქმის მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საუკეთესოები ვიყავით. წინ კიდევ 11 შეხვედრაა გასამართი". "ხალხი საუბრობდა, რომ "ბარსელონა" ძალიან ცუდად გამოიყურება, თუმცა ყველამ ვნახეთ, როგორც ითამაშა გუნდმა პარიზში. მათ ახალი პრეზიდენტი ჰყავთ და ენთუზიაზმით აღსავსე არიან". "მადრიდის "რეალი" ყოველთვის პოულობს გზას გამარჯვებისთვის და ქულების მოსაგროვებლად. თუმცა ჩვენ მუშაობა უნდა განვაგრძოთ და ჩვენს გზას მივყვეთ. ჩვენს ზურგს უკან ორი მონსტრია, რომლებსაც ჩვენს ადგილას ყოფნა სურთ".
ლა ლიგის მიმდინარე სეზონში სიმეონეს გუნდმა 27 ჩატარებულ შეხვედრაში 63 ქულის მოპოვება შეძლო და კვლავინდებურად პირველ პოზიციას იკავებს, თუმცა "რეალთან" სხვაობა უკვე 6 ქულას შეადგენს. იმ შემთხვევაში, თუ "ბარსელონა" 15 მარტს "უესკასთან" გასამართ შეხვედრას მოიგებს, კუმანის გუნდი "ატლეტიკოსთან" ჩამორჩენას 4 ქულამდე შეამცირებს.

სხვა სტატიები