Belive

სიონმა "ექვსქულიანი" დერბი მოიგო - ბოლნისელებმა რუსთავს გადაასწრეს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ისევე როგორც საჩემპიონო მარათონში, საქართველოს ეროვნული ლიგის გასავარდნ ზონაშიც უკიდურესი დაძაბულობაა. უკვე გადაწყვეტილია, რომ გათამაშებას მომავალი სეზონიდან "ვიტ ჯორჯია"დაემშვიდობება, ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად კი ერთბაშად რამდენიმე გუნდი იბრძვის. პლეი-აუტუსგან თავის დაღწევის მსურველი ორი გუნდი დღეს ერთმანეთს ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდა - ქვემოქართლურ დერბიში "სიონმა" "რუსთავი" (2:1) დაამარცხა. მასპინძლებმა გამარჯვება პირველსავე ტაიმში, ბექა გვარაძის სადებიუტო გოლისა და დუბლის მეშვეობით გაინაღდეს. 22 წლის ნახევარმცველმა, ჯერ 24-ე წუთზე მეტოქის მეკარის უყურადღებო თამაშით ისარგებლა, 13 წუთში კი საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე პირველი იყო. რუსთაველებმა ერთადერთი ბურთი პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე გაქვითეს - ბექა ქავთარაძე თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან ზუსტი იყო და მეტოქის კარი მიჯრით მესამე შეხვედრაში აიღო. მეორე ნახევარში ანგარიშის შეცვლის რამდენიმე მცდელობა იყო, თუმცა მიზანს ვერცერთმა მათგანმა უწია, მათ შორის დამატებულ დროში რატი ცაცკრიალაშვილის მიერ შესრულებულმა პენალტმა. საბოლოოდ, "სიონმა" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმა, 38 ქულა დააგროვა და ერთი პოზიციით მაღლა - მერვე ადგილზე აიწია, ხოლო რუსთავს 1 ქულითა და საფეხურით ნაკლები აქვს.

სხვა სტატიები