Belive

სიყვარულით საქართველოდან - კვარაცხელია და მისი განსაკუთრებული უნარები

1 წლის წინ ფეხბურთი
7 წთ

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და "ნაპოლის" ამომავალი ვარსკვლავი - ხვიჩა კვარაცხელია იტალიელი სპორტული ჟურნალისტების განცვიფრებას განაგრძობს. 21 წლის კვარამ შეძლო და პრაქტიკულად ყველა გავლენიანი მედია საშუალების ყურადღება მიიპყრო.

ფენომენალური სტარტის შედეგად, გაჩნდა მეტსახელები, რომელიც ქართველ ვარსკვლავს შეარქვეს - “კვარადონა” და “კვარავაჯო". რენესანსის ეპოქის საყოველთაოდ ცნობილი იტალიელი მხატვრისა და საფეხბურთო ღმერთის მეტსახელები, კვარაცხელიას ნეაპოლიტანური კლუბის მაისურის მორგებიდან ზუსტად 1 თვის შემდეგ შეარქვეს.

არანაკლებ შთამბეჭდავია იტალიურ და ევროპულ პრესაში გამოქვეყნებული პუბლიკაციები, რომლებიც საკმაოდ მაღალფარდოვანი სათაურებითაა განმსჭვალული. მათზე საუბარი და სათითაოდ განხილვა შორს წაგვიყვანს. გულშემატკივრებს Live.ge-ს ვებგვერდზე მათი წაკითხვის შესაძლებლობა უკვე ჰქონდათ. და მაინც, თუკი არსებობს ვინმე, ვისაც ჯერ კიდევ არ წაუკითხავს, ან განმეორებით სურს - ქვევით განთავსებულ ბმულებზე ბევრ საინტერესო ინფორმაციას იხილავთ...

Football Italia ხვიჩა კვარაცხელიას აქტიურად აკვირდება და მის შესახებ სისტემატურად წერს. ერთ-ერთი უკანასკნელი სტატია, შემდეგი სახელწოდებით გამოქვეყნდა: "სიყვარულით საქართველოდან - კვარაცხელია და მისი განსაკუთრებული უნარები".



გავლენიანი იტალიური მედია საშუალების მიერ გამოქვეყნებულ სტატიას უცვლელად გთავაზობთ.

მიმდინარე სეზონის ბრწყინვალე სტარტის შედეგად, "ნაპოლი" მწვერვალებს იპყრობს და არც ერთი ფეხბურთელი არ განსაზღვრავს ნეაპოლიტანური კლუბის სიძლიერეს ისე, როგორც ქართველი ვინგერი ხვიჩა კვარაცხელია.

"პარტენოპეი" ხვიჩა კვარაცხელიას დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა და საბოლოოდ ზაფხულში €10 მილიონის სანაცვლოდ შეიძინა. კვარაცხელიამ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ხელფასის სახით, €1 მილიონზე ოდნავ მეტს გამოიმუშავებს. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ნეაპოლელებმა იდეალური ტრანსფერი განახორციელეს.

სერია A-ს საწყის 7 ტურში გატანილი 4 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით, ხვიჩა კვარაცხელიამ საყოველთაო ყურადღების მიპყრობა შეძლო. სტატისტიკა მის ჯადოქრობას განსაზღვრავს - 21 წლის კვარაცხელია 90 წუთის განმავლობაში, საშუალოდ 3.8 დარტყმას ახორციელებს. საშუალოდ 5.4-ჯერ ქმნის დარტყმისათვის ხელსაყრელ გარემოებას, 5.8-ჯერ ახერხებს ბურთის წარმატებით წაღებას და 90 წუთის განმავლობაში, საშუალოდ 5.4-ჯერ ცდილობს დრიბლინგს.

ეს ციფრები ხაზს უსვამს იმ საფრთხეს, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელია მეტოქე გუნდებს უქმნის და ლუჩანო სპალეტის გუნდს შეტევაში განსაკუთრებულ ძალად აქცევს. კვარაცხელია "დაცვითი ფეხბურთის" შესახებ, იტალიაში გავრცელებულ მითს მის თამაშზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობას არ აძლევს. მისი თამაშის შემხედვარე ფანებმა უკვე გაიაზრეს და აღიარეს, რომ შეტევის მარცხენა ფლანგზე, კვარაცხელიას სახით მომაკვდინებელი გარემარბია.



ის, რასაც ციფრები არ განსაზღვრავს არის კვარაცხელიას განსაკუთრებული უნარი, როდესაც ბურთითაა. მისი ინტელექტი ბურთით მოძრაობისას, მისი გასაოცარი მოძრაობები და მომაკვდინებელი ქმედება, რომელსაც მეტოქესთან ერთი-ერთზე დარჩენის შემთხვევაში ავლენს. ეს ყველაფერი სერია A-ს მიმდინარე კამპანიაში, კვარაცხელიას საუკეთესოდ აჩენს. კვარაცხელია მოედანზე ელეგანტურად გამოიყურება და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ 21 წლის ვარსკვლავი იტალიურ ასპარეზზე გაიბრწყინებს. გვჯერა, რომ იტალიურ ფეხბურთში ის გახდება მორიგი უდიდესი სახელი.

როდესაც გასული სეზონის ბოლო, "ნაპოლიმ" მისი თილისმა - ლორენცო ინსინიე დაკარგა, ფანები დამწუხრდნენ და ფიქრობდნენ, თუ ვის შეეძლო ამ დანაკლისის შევსება. "დინამო ბათუმიდან" მოსულმა ბიჭმა უფრო მეტიც მოახერხა - როდესაც საჭიროა, კვარა მატჩებს საკუთარ თავზე იღებს და გუნდს წარმატების მიღწევაში ეხმარება.

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, "ლივერპულის" წინააღმდეგ მოპოვებულ დამანგრეველ გამარჯვებაში (4:1) კვარამ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა და ეს ყველაფერი არასრულ 60 წუთში მოახერხა. კვარამ ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთ გამორჩეულ გრანდთან გაიბრწყინა - განახორციელა 3 დარტყმა და 4 დრიბლინგი და უდიდესი წვლილი შეიტანა პირველ 3 გოლში. ეს ყველაფერი კი ბურთთან მხოლოდ და მხოლოდ 27 შეხების შედეგად.

წარმატებული პერფორმანსის კვალდაკვალ, "რეინჯერსის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, კვარას სათამაშოდ მეტი დრო მიეცა. შოტლანდიელების წინააღმდეგ, კვარამ 7 დარტყმა განახორციელა, 7-ჯერ წარმატებით წამოიწყო შეტევა და 4 დრიბლინგი შემოგვთავაზა. "ნაპოლიმ" მეტოქეს 3 უპასუხო გოლი გაუტანა და კვარა ამ წარმატების ერთ-ერთ შემოქმედად მოგვევლინა.



როდესაც საქმე ეხება ისეთ ეკლექტიკურ ფეხბურთელს, როგორიცაა კვარაცხელია - შეუძლებელია, მისი შესაძლებლობელის სრულად გადმოცემა მხოლოდ სიტყვებით. ისევე, როგორც ხინკლის (განსაკუთრებული ქართული კერძი) გემოსა და სიამოვნების გარჩევა ვერ ხერხდება ვერც ერთი ვებგვერდიდან და კულინარიული წიგნიდან. 21 წლის შემტევის უნიკალური შესაძლებლობების ფურცელზე გადმოტანა შეუძლებელია. მისი თამაშის მომსწრე უნდა გახდე, უყურო, გაიაზრო და მიიღო სიამოვნება.

როდესაც "ნაპოლი" უკანასკნელად დაეუფლა სკუდეტოს, კლუბს დიეგო მარადონა ჰყავდა. ლეგენდარულმა არგენტინელმა ნეაპოლიტანელებს დიდება, ტიტული და გამარჯვება მოუპოვა - თუ კვარაცხელია ამ ტრიუმფის მოტანას შეძლებს, მის სახელს ისევე აიტაცებენ და გააღმერთებენ, როგორც დიეგოს. თუ კვარა "ნაპოლის" გამარჯვებას მოუტანს, ის მალევე აღმოჩნდება ეგზალტაციის მსგავს მდგომარეობაში, მაგრამ ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს...


white-6281111

ქართული ფეხბურთისა და ხვიჩა კავარცხელიას თითოეული გულშემატკივრისათვის ამ სიტყვების წაკითხვა, ნამდვილად დიდი სიამოვნებაა. ახლა კი მცირე გადახვევის დროც დადგა.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2022 წლის დასკვნითი ოფიციალური შეხვედრებისთვის ემზადება. ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი 2022/23 წლების უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფური ეტაპის ბოლო ორი ტურის მატჩებში, ჩრდ. მაკედონიასა და გიბრალტარს დაუპირისპირდება.

საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის დაპირისპირება, 23 სექტემბერს, 20:00 საათზე, "დინამო არენაზე" გაიმართება. აღნიშნულ მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია. დიახ, არ მოგეჩვენათ, მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი 4 დღით ადრე სრულად გაიყიდა.

სხვა სტატიები