Belive

სიტის ღირსეული საქციელი - უკრაინელი ლტოლვილი მანჩესტერულ გრანდში ივარჯიშებს

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

უკრაინელი ლტოვლივი - ანდრეი კრავჩუკი, სეზონის ბოლომდე "მანჩესტერ სიტის" განვითარებად გუნდთან ერთად ივარჯიშებს. ოლეკსანდრ ზინჩენკოს ყოფილი თანაგუნდელის მომავალი კლუბის ვინაობა უცნობია, თუმცა მიმდინარე სეზონის დასრულებამდე, კრავჩუკს "ქალაქელთა" რიგებში ვარჯიშის უფლება მიეცა. ანდრეი კრავჩუკი მოსკოვის "ტორპედოს" მაისურით ასპარეზობდა, მაგრამ რუსეთის ფედერაციის ბარბაროსული ქმედებებისა და უკრაინაში შეჭრის შემდეგ, იძულებული გახდა რუსული კლუბი დაეტოვებინა. გავრცელებული ინფორმაციით, კრავჩუკი უახლოეს დღეებში "მანჩესტერ სიტის" აკადემიაში გადავა საცხოვრებლად და "ქალაქელთა" განვითარებად გუნდთან ერთად ივარჯიშებს. ოლექსანდრ ზინჩენკო და ანდრეი კრავჩუკი დონეცკის "შახტარის" აკადემიაში ერთად ვარჯიშობდნენ. მოგვიანებით ზინჩენკო პრემიერ ლიგის გრანდს შეუერთდა - კრავჩუკის კარიერა კი რუსეთში გაგრძელდა.

"რუსული კლუბის დატოვება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო, რომელიც შეიძლებოდა რომ მიმეღო. თავს საშინლად ვგრძნობდი. რუსეთში დარჩენის და თამაშის გაგრძელების შემთხვევაში, უკრაინელებს ჩემი გადაწყვეტილების გაგება გაუჭირდებოდათ. არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი ხდება - 21-ე საუკუნეში, ევროპის შუაგულში, სიტყვები არ მყოფნის ამ ტრაგედიის გადმოსაცემად". 
რუსეთის ფედერაციის ჯარების უკრაინაში შეჭრის დროს, კრავჩუკი "ტორპედოსთან" ერთად თურქულ შეკრებაზე იმყოფებოდა. ფეხბურთელი იხსენებს, რომ დილის 5 საათზე დედის ზარმა გააღვიძა.
"პირველი სიტყვები, რომელიც დედამ მითხრა: "რუსეთი გვბომბავს". შოკირებული ვიყავი, შინაგანად გავნადგურდი. ტელეფონით სხვადასხვა ჯგუფში ვარ გაწევრიანებული და მუდმივად ვიღებ განგაშის შეტყობინებებს დაბომბვის წინააღმდეგ. ყოველთვის, როდესაც განგაშის შეტყობინებას ვიღებ თავს საშინლად ვგრძნობ. მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ ჩემი ოჯახი შეიძლება დაბომბვას ემსხვერპლოს. ძმას ყოველდღე ვესაუბრები და გამუდმებით ვუმეორებ, რომ მისით ძალიან ვამაყობ. ის უკრაინაში დარჩა და არა მხოლოდ ჩვენი ოჯახისთვის, არამედ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის დასაცავად იბრძვის. ამ წუთისათვის ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა, მაგრამ დედა მეუბნება, რომ დაბომბვის ხმები კვლავ ესმის", - აღნიშნა კრავჩუკმა. 

სხვა სტატიები