Belive

სკალონი: ,,არ ვიცი, საიდან გავრცელდა ჭორი, რომ მესის გუშინ არ უვარჯიშია''

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ, მექსიკასთან გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,პირველ დღეს შოკი გვქონდა, მაგრამ მეორე დღეს დგები და მომავალ მატჩზე ფიქრობ. სხვა არჩევანი არ არსებობს. ყოველთვის ვამბობდი, რომ მზად უნდა ვიყოთ მომენტისთვის, როცა დარტყმას მივიღებთ. სწორედ ამ დროს გვჭირდება ყველას მხარდაჭერა. მე პირველი ვარ, ვინც ამისთვის მზად იყო. ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. შეიძლება, წააგო, მაგრამ, მთავარია, როგორი რეაქცია გექნება. ნორმალურია, როცა მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მატჩის წინ მღელვარება იმატებს.

ისევე, როგორც გუნდის ყველა წევრი, მესი თავს კარგად გრძნობს. ყველამ იცის, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამეა ჩვენზე დამოკიდებული. არ ვიცი, საიდან გავრცელდა ჭორები, რომ მესის გუშინ არ უვარჯიშია. ლეო კარგადაა და ისე გვჭირდება, როგორც არასდროს. არანაირი პრობლემა არ აქვს.

ფეხბურთს დიდი პასუხისმგებლობით ვთამაშობთ. ჩვენ უკან მთელი ქვეყანაა და ფეხბურთელები მოედანზე ბოლომდე იხარჯებიან. უდავოა, რომ ეს გუნდი ყოველთვის ბოლომდე იბრძვის. უნდა დავამტკიცოთ, რომ კარგ ფორმაში ვართ.

თანაბარ ჯგუფში ვართ. მექსიკა ძალიან კარგი გუნდია შესანიშნავი მწვრთნელით. მაგრამ, ჩვენ ჩვენი სათამაშო სტილი გვაქვს. დიახ, შეიძლება, დარტყმა მივიღეთ, მაგრამ იმავე სულისკვეთებით უნდა გავაგრძელოთ და გავაკეთოთ ყველაფერი, რასაც საუდის არაბეთთან მაჩის წინ ვგეგმავდით,'' - სკალონის სიტყვებს TyC Sports-ი ციტირებს.

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში არგენტინის ნაკრები მექსიკას შეხვდება. მატჩი ხვალ, 23:00 საათზეა ჩანიშნული.

სკალონის გუნდი პირველ შეხვედრაში საუდის არაბეთთან 1:2 დამარცხდა.

სხვა სტატიები