Belive

სკანდალი მუნდიალის წინ: ეკვადორის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატიდან მოხსნა ემუქრება

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე თითქმის ორი თვით ადრე, ეკვადორის ნაკრები ტურნირიდან მოკვეთის რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

საქმე ისაა, რომ ეკვადორის ნაკრების მარჯვენა მცველი ბაირონ კასტილო ყალბი დაბადების მოწმობის ქონაში ამხილეს და მოპოვებული მასალის საფუძველზე დადასტურდა, რომ იგი კოლუმბიელია.

No description available.

უფრო დეტალურად, საქმე მაშინ დაიწყო, როცა ეკვადორის ნაკრებმა სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე გამართულ შესარჩევ ეტაპზე საუკეთესო ოთხ გუნდს შორის ადგილი მოიპოვა და მუნდიალის საგზურიც გაინაღდა. ეკვადორის წარმატების შედეგად ქვე-ჯგუფში ჩილესა და კოლუმბიის ნაკრებები ჩარჩნენ, რომლებსაც ისტორიულად მუნდიალებზე გამოსვლის საკმაოდ ვრცელი გამოცდილება აქვთ.

წარუმატებლობით იმედგაცრუებულმა ჩილეს ფეხბურთის ფედერაციამ გადარჩენის გზა სასამართლოში მოძებნა და განაცხადა, რომ ეკვადორის ნაკრებს არალეგალურად კოლუმბიელი ფეხბურთელი ჰყავდა რეგისტრირებული. მხარემ ფიფაში ოფიციალურ საჩივარს თან აუდიო-მასალები და დოკუმენტაცია დაურთო, რომელიც ადასტურებს, რომ 23 წლის მარჯვენაფლანგელი მართლაც კოლუმბიელია.

ფიფამ შეისწავლა ეს საკითხი და უარყო ჩილელთა ბრალდება, ბაირონ კასტილო კი ეკვადორელად აღიარა. თუმცა, ამით ყველაფერი არ დამთავრებულა: Daily Mail-მა ახლახანს გამოაქვეყნა დეტალური ანგარიში, რომელიც ადასტურებს, რომ კასტილო კოლუმბიელია და ყველაფერი დაფარული იყო. 

აუდიოჩანაწერში, რომელიც 2018 წლის დეკემბერში საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელთან საუბრიდან არის ამოღებული, თავად ფეხბურთელი ადასტურებს, რომ იგი 1995 წელს ტუმაკოში დაიბადა და მოგვიანებით ის ეკვადორში, სან-ლორენცოში გადავიდა, ოფიციალური საბუთების მიხედვით კი მისი დაბადების მოწმობა 2018 წელს ეკვადორშია გაცემული.

აღნიშნული მტკიცებულებები არ იქნა გამოყენებული ივნისის მოსმენაზე, მაგრამ უდავოდ დაეთმობა ცენტრალური ადგილი FIFA-ს სააპელაციო კომისიაზე, რომელიც სიტუაციას ამ კვირაში გააანალიზებს.

ეკვადორის ნაკრები A ჯგუფში მასპინძელ ყატართან, ნიდერლანდებთან და სენეგალთან ერთად მოხვდა, თუმცა მიიღებს თუ არა მონაწილეობას ნოემბერ-დეკემბერში გასამართ ტურნირში ეს მხოლოდ 15 ოქტომბერს, საბოლოოდ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ გაირკვევა.

სხვა სტატიები