Belive

სომხეთის ნაკრები: ყველაფერი რაც მეტოქის შესახებ უნდა ვიცოდეთ

3 წლის წინ ფეხბურთი
11 წთ
ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის მოგების და კიდევ უფრო მნიშვნელოვანის საგზურის მოპოვების შემდეგ, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები უეფას ერთა ლიგის D დივიზიონის პლეი-ოფიდან C დივიზიონის ჯგუფურ ეტაპზე ერთვება, სადაც ეროვნული გუნდის მეტოქე მესამე ტურის ეგიდით გასამართ შეხვედრაში სომხეთი იქნება. მძიმე პოლიტიკური ვითარების გამო, ჩვენი მეზობლები მატჩს ერევანში ვერ უმასპინძლებენ და სწორედ ამიტომ შეხვედრა პოლონეთის ქალაქ ტიხში შედგება. უკვე ცნობილია, რომ ეროვნულ გუნდს ტრავმის გამო ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, დავით ხოჭოლავა და გიორგი ჩაკვეტაძე გამოაკლდებიან, ვლადიმირ ვაისმა შემადგენლობაში მეკარის ცვლილებაც დააანონსა. იქამდე, ვიდრე გავიგებთ თუ რა ძირითადი თერთმეტეულით დაიწყებენ "ჯვაროსნები" თამაშს, ჩვენს მეტოქეს უკეთ გაგაცნობთ.
No description available.

სომხეთის ნაკრები 

დაარსება: 1992 ფიფას წევრი: 1992 უეფას წევრი: 1992 ფიფას რეიტინგი: 101 უმაღლესი რეიტინგი: 30 (2014 წლის თებერვალი) ყველაზე ცუდი შედეგი რეიტინგში: 159 (1994 წლის ივლისი) საშინაო არენა: ვარსქენ სარქისიანის სახელობის რესპუბლიკის სტადიონი (ერევანი) მეტსახელი: კოლექტივისტები მთავარი მწვრთნელი: ხოაკინ კაპაროსი, (ესპანეთი, 64 წლის) კაპიტანი: ჰენრიხ მხითარიანი (31 წლის, 86 მატჩი, 29 გოლი)

ისტორია

საქართველოს მსგავსად, სომხეთმა დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს მიიღო და ერთი წლის თავზე, უკვე ეროვნული გუნდიც ჩამოაყალიბა. იქამდე, ათწლეულების განმავლობაში, რჩეული სომეხი ფეხბურთელები სანაკრებო ასპარეზზე სსრკ-ს შემადგენლობიდან გამოდიოდნენ. სომხეთის ნაკრების ისტორია 1992 წლის 14 ოქტომბერს, მოლდოვასთან ნათამაშები უგოლო ფრით იწყება, მას მერე კი ჩვენი მეზობლები ყველა დიდი სანაკრებო ტურნირის შესარჩევ ეტაპზე მონაწილეობას იღებენ, თუმცა ჩვენი არ იყოს, ფინალური ეტაპის საგზური ჯერჯერობით მათაც არ მოუპოვებიათ. სომხეთის ნაკრებისთვის წარმატებული ხანა 2006 წლიდან დაიწყო, როცა გუნდის მთავარი მწვრთნელი შოტლანდიელი იან პორტფილდი გახდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ყაზახეთის (2:1) და პოლონეთის (1:0) დამარცხება მოახერხა, კრიშტიანუ რონალდუსა და პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ კი ფრე - 1:1 ითამაშა. თუმცა, შემდეგ ტრაგედია დატრიალდა: 62 წლის სპეციალისტი სიმსივნით გარდაიცვალა და დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა ვეღარ შეძლო... ყველაზე ახლოს დიდ ფორუმთან სომხეთი 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე იყო, როცა გუნდმა ჯგუფში ყველაზე მეტი - 22 გოლი გაიტანა, აქედან 6 კი ჰენრიხ მხითარიანის ანგარიშზე იყო, რაც საუკეთესო შედეგი გახლდათ. გადამწყვეტი მატჩში სომხებს ირლანდიის დამარცხება სჭირდებოდათ, თუმცა დრამატულ და საკამათო მატჩში, ბრიტანელებმა ათკაციან სტუმრებს სძლიეს. ერევნის აეროპორტში დაბრუნებულ გუნდს ქომაგი ოვაიციებით დახვდა. მაშინ გუნდის თავკაცი ვარდან მინასიანი გახლდათ, სომხეთი კი მსოფლიო რეიტინგში 30-ე პოზიციამდე აღზევდა.
No description available.

სტატისტიკა 

პირველი მატჩი: სომხეთი - მოლდოვა 0:0 (1992 წლის 14 ოქტომბერი, ერევანი, სომხეთი) ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება: სომხეთი - გვატემალა 7:0 (2016 წლის 28 მაისი, ლოს ანჯელესი, კალიფორნია, აშშ) ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება: იტალია - სომხეთი 9:1 (2019 წლის 18 ნოემბერი, პალერმო, იტალია) ყველაზე მეტი მატჩი ნაკრებში: სარქის ჰოვსეპიანი (132) ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი: (29)

სათამაშო ფორმა 

  • სომხეთის ნაკრებმა 2020 წელს ორი მატჩი გამართა. უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის ეგიდით ჩატარებული პირველი შეხვედრა სამხრეთკავკასიელებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან - 1:2 წააგეს, საშინაო არენაზე კი ესტონეთს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს.
  • ერთა ლიგის D დივიზიონში, სადაც გამოსვლა საქართველოს ნაკრებმაც დაიწყო, სომხეთი ჩვენთვის კარგად ნაცნობი ჩრდილოეთ მაკედონიის, ლიხტენშტეინისა და გიბრალტარის ჯგუფში მოხვდა, სადაც 3 მატჩი მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და ორში დამარცხდა და 10 ქულით ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.
  • ვინაიდან ეს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩრდ. მაკედონიასთან სომხეთის ურთიერთშეხვედრებზეც მოგახსენებთ. სტუმრად სომხებმა 0:2 წააგეს, შინ კი მეტოქე - 4:0 გაანადგურეს. ჯგუფის მეორე მარცხი სომხეთმა სენსაციურად, საშინაო კედლებში, გიბრალტართან (0:1) იწვნია, თუმცა სტუმრად მეტოქე - 6:2 გაანადგურა.
  • სომხეთმა ბოლო 6 მატჩიდან მხოლოდ ერთის მოგება მოახერხა.
  • სომხეთმა კარი მშრალად ბოლო 9 შეხვედრიდან მხოლოდ ერთში შეინახა.
  • ბოლო 9 მატჩში სომხეთმა 13 გოლი გაიტანა და 23 გაუშვა, აქედან 12 გუნდს იტალიის ნაკრებმა გაუტანა.
  • ბოლო სამ შეხვედრაში სომხეთმა მეტოქის კარის აღება მხოლოდ მეორე ტაიმში მოახერხა, როცა მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო.
  • სომხეთის ნაკრების ბოლო 10 მატჩიდან 7-ში სულ მცირე 3 გოლი გავიდა.
  • 2018 წლის სექტემბრიდან მოყოლებული გუნდმა 18 შეხვედრა ჩაატარა და აქედან ფრედ მხოლოდ 2 დაასრულა: 7 მოგება, 9 მარცხი.
No description available.

ურთიერთშეხვედრები

საქართველოსა და სომხეთის ნაკრებები ერთმანეთს ისტორიაში სულ ხუთჯერ დაუპირისპირდნენ, აქედან 3-ჯერ მატჩი ჩვენი გამარჯვებით დასრულდა, ერთხელ ფრე დაფიქსირდა, ერთხელაც მეტოქემ იმარჯვა. დამოუკიდებლობის პერიოდში პირველი გადაკვეთა 1997 წელს იყო, როცა ჩვენმა ნაკრებმა მეტოქე - 7:0 გაანადგურა და ამით ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება ჩაიწერა. ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გამართულ შეხვედრაში გუნდის მთავარი მწვრთნელი დავით ყიფიანი გახლდათ, გოლები კი შოთა არველაძემ (3), არჩილ არველაძემ (2), მიხეილ ყაველაშვილმა და გიორგი ქინქლაძემ გაიტანეს. 3 წლის შემდეგ საქართველომ მეტოქეს კიდევ ერთი მატჩი მოუგო (2:1), ამჯერად გუნდს დავით ყიფიანთან ერთად რევაზ ძოძუაშვილი წვრთნიდა, გოლის ავტორები კი ზაზა ჯანაშია და ზურაბ მენთეშაშვილი იყვნენ. ორ თვეში გუნდები ერთმანეთს ისევ შეხვდნენ (ერევანში) და ამჯერად უგოლოდ დასცილდნენ. 2004 წელს, კვიპროსის ამხანაგურ ტურნირზე ჩვენი გზები ისევ გადაიკვეთა და ნიქოზიაში პირველი მარცხი ვიწვნიეთ - 0:2. მაშინ მთავარი მწვრთნელის ფუნქციას დროებით გოჩა ტყებუჩავა ასრულებდა. ბოლოს სომხეთის ნაკრებს 2011 წელს, თემურ ქეცბაიას თავკაცობით კვლავაც კვიპროსში გამართულ ამხანაგურ დაპირისპირებაში - 2:1 ვაჯობეთ. იქ ბურთები ალექსანდრე იაშვილმა და დავით სირაძემ გაიტანეს.

შემადგენლობა 

საქართველოს ნაკრებთან მატჩისთვის სომხეთის ეროვნული გუნდი პოლონეთის ქალაქ ტიხში 24 ფეხბურთელით გაემგზავრა. საინტერესოა, რომ ამ სიაში ნომინალური თავდამსხმელი ერთადერთია. მეტოქის რამდენიმე ფეხბურთელს ქართველები კარგად იცნობენ, მაგალითად არმან ჰოვჰანისიანი "ტობოლოში" ჯაბა კანკავას და ნიკა კვეკვესკირის თანაგუნდელია, მეკარე დავიდ იურჩენკო კი ელგუჯა ლობჯანიძესთან ერთად ყაზახურ "შახტიორში" წინა სეზონში თამაშობდა. გუნდის შემადგენლობაში 12 ლეგიონერია, აქედან 4 ყაზახეთის, ორი რუსეთის, თითო-თითო კი ბელარუსის, კვიპროსის, სლოვაკეთის, იტალიის, დანიისა და შვედეთის ჩემპიონატებში თამაშობს, ეს უკანასკნელი "გიოტებორგში" გიორგი ხარაიშვილის თანაგუნდელია. საქართველოს ნაკრებისგან განსხვავებით, სომხეთის ეროვნულ გუნდში ფეხბურთელთა უმეტესობა შიდა ჩემპიონატიდანაა გამოძახებული.

მწვრთნელი 

ხოაკინ კაპაროსი სომხეთის ნაკრების ისტორიაში ყველაზე სახელოვანი მწვრთნელია. ის გუნდში მას მერე მოვიდა, რაც ნაკრებმა 6 წლის განმავლობაში 7 მწვრთნელი შეიცვალა, მათ შორის 6 ადგილობრივი. 64 წლის სპეციალისტს წლების განმავლობაში ისეთი გუნდებისთვის უხელმძღვანელია, როგორებიც "ვილიარეალი", ბილბაოს "ატლეტიკი", "მალიორკა", "ლევანტე", "გრანადა", "ოსასუნა", "სევილიაა". ყველაზე ხანგრძლივად კაპაროსი სწორედ საუკეთესო ანდალუსიურ გუნდს წვრთნიდა, სადაც გარდა 186 მატჩის ჩატარებისა, ის სპორტული დირექტორის თანამდებობასაც იკავებდა. სომხეთის ნაკრებში ის მიმდინარე წლის 10 მარტს დაინიშნა და მხოლოდ ორი მატჩის ჩატარება მოასწრო: თითო-თითო მარცხი და გამარჯვება. საყვარელი სათამაშო სქემა: 4-4-2.
No description available.

ვარსკვლავი 

გუნდის კაპიტანი, საუკეთესო ბომბარდირი, ლიდერი და ისტორიაში ყველაზე ცნობილი სომეხი ფეხბურთელი ჰენრიხ მხითარიანი გახლავთ. დორტმუნდის "ბორუსიას", "მანჩეტსერ იუნაიტედის", ლონდონის "არსენალის" და დონეცკის "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი ამჟამად "რომას" ღირსებას იცავს. "ჯალოროსიში" ის წინა სეზონში იჯარის წესით "მეთოფეებიდან" გადაბარგდა, ახლა კი "მგლებმა" მისი კონტრაქტი გამოისყიდეს. 31 წლის ფეხბურთელს ეროვნულ გუნდში 86 მატჩი აქვს ჩატარებული და ამ შედეგით მესამე პოზიციას იკავებს, საუკეთესო ბომბარდირთა შორის კი 29 გოლით უკონკურენტოა. მხითარიანს, რომლის სატრანსფერო ღირებულებაც 20 მილიონი ევროა, საკლუბო კარიერის განმავლობაში 454 მატჩში 143 გოლი აქვს გატანილი და 114 საგოლე გადაცემა გაკეთებული. ფეხბურთელმა, რომელმაც ეროვნულ გუნდს 34-ჯერ უკაპიტნა, ინგლისის ლიგის თასის, ინგლისის სუპერთასის, ორჯერ გერმანიის სუპერთასის და ევროპის ლიგის მოგება მოახერხა. მხითარიანი ქვეყნის წლის საუკეთესო ფეხბურთელად 9-ჯერ დაასახელეს.

Arsenal's Henrikh Mkhitaryan hopes to stay at Roma: “Happy to play in Italy” | Transfermarkt

მსაჯი

საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების შეხვედრას 43 წლის ხორვატი რეფერი ივან ბებეკი მოემსახურება, რომელსაც წარსულში შეხება ორივე ქვეყანასთან ჰქონია. ბებეკმა საქართველოს ნაკრებს 2013 წელს, პარიზში, საფრანგეთთან - 1:3 წაგებულ შეხვედრაში უმსაჯა და იქ ალექსანდრე ამისულაშვილს ყვითელი ბარათი უჩვენა. რაც შეეხება სომხეთს, ხორვატმა რუმინეთთან 2017 წელს - 0:1 წაგებულ შეხვედრაში 5 ყვითელი და 1 წითელი ბარათი გამოიყენა, უმეტესობა სწორედ სომხების საპირისპიროდ და ჩვენი მეზობლების ცენტრალური მცველი გააძევა. ივან ბებეკმა ბოლო 8 მატჩიდან 6-ში სულ მცირე 4 ბარათი გამოიყენა.
Ivan Bebek for crunch Egypt Premier League clash

მატჩისწინა კომენტარი

ხოაკინ კაპაროსი - სომხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: "ნებისმიერ გუნდს უნდა ჰყავდეს ლიდერი და ჩვენი ლიდერი არის ჰენო (მხითარიანი), ის არის ფეხბურთელი, რომელიც თანაგუნდელებს მხოლოდ მისი გუნდში ყოფნით ამოტივირებს. საქართველოს ძლიერი ნაკრები ჰყავს. მათი ფეხბურთელები ერთად დიდი ხნის განმავლობაში თამაშობენ და ეს ნიშნავს, რომ ისინი ერთმანეთს კარგად იცნობენ. არიან ისეთი ქართველი მოთამაშეებიც, რომლებიც საკლუბო დონეზეც ერთ გუნდში თამაშობენ, რაც მათთვის კარგია. ვფიქრობ, საქართველოს ძლიერი მხარე კარგი გუნდური თამაშია. რაც შეეხება შანსებს, ისევე ვარ განწყობილი, როგორც მაკედონიასთან მატჩის წინ. ამ ჯგუფში ყველა მატჩი თანაბარი იქნება. ვფიქრობ, მცირე დეტალმაც კი შესაძლოა, გადამწყვეტი როლი ითამაშოს. მაქსიმალურად კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ".

სხვა სტატიები