Belive

სოსო ფრუიძე: "ერთმანეთს მშვიდობიანად დავშორდით, ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ"

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
საფეხბურთო კლუბმა "ლოკომოტივმა" ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონში უკვე მეორე მწვრთნელი შეცვალა. ლევან კორღალიძის შემდეგ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, კონტრაქტი სოსო ფრუიძემაც გაწყვიტა. საჩხერის "ჩიხურას" ყოფილმა თავკაცმა "რკინიგზელებს" სულ ორ მატჩში უხელმძღვანელა, 1 ქულა მოიპოვა და მოქმედი ჩემპიონი "დინამოსგან" 4 უპასუხო გოლი გაუშვა. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, Live.ge გამოცდილ სპეციალისტს დაუკავშირდა და მიღებული გადაწყვეტილების და სამომავლო გეგმების შესახებ ჰკითხა. მოულოდნელად, "ლოკომოტივი" დატოვეთ. რამ გამოიწვია ამ გადაწყვეტილების მიღება? იმ ორი მატჩის შედეგმა, რომელიც გუნდმა ჩემი მეთაურობით ჩაატარა, გუნდის ხელმძღვანელობა არ დააკმაყოფილა. ცხადია, მეც მქონდა ჩემი შეხედულებები და საბოლოოდ შევთანხმდით ასეთ გადაწყვეტილებაზე. მე მათ აზრს პატივს ვცემ, რადგანაც კლუბი მათია და სწორი განვითარება სურთ. საბოლოოდ, ვისაუბრეთ და ერთმანეთს მშვიდობიანად დავშორდით. თუმცა, ორ ტურში ძალების ჩვენება რთულია. ალბათ გუნდის რელსებზე დაყენებას კიდევ უფრო მეტი დრო სჭირდება... დიახ, ორ მატჩში გუნდისთვის ხელის დატყობა რთულია. მითუმეტეს, რომ გუნდის დიდ ნაწილს არ იცნობ, ერთად ამხანაგური მატჩიც არ ჩაგვიტარებია და უკეთ მოსაზმადებლად დრო არ გვქონია. გუნდს ორი მატჩი მოგებული ჰქონდა და სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, რომ თამაში იმ შემადგენლობას გაეგრძელებინა, რომელმაც კლუბს მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოუტანა. ცვლილება არც სტრატეგიასა და სათამაშო სისტემაში შევიტანე. ამის გამოცდილება მაქვს და ვთვლი, რომ რადიკალური და სწრაფი ცვლილებები გუნდზე ცუდად იმოქმედებდა. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ საწყის ორ მოგებას წინ საკმაოდ დიდი მოსამზადებელი დრო და შეკრება უძღოდა, მე კი გუნდთან სრულფასოვანი მუშაობის შესაძლებლობა მხოლოდ 2 კვირის განმავლობაში მომიწია, ეს ის დროა, რაც კარანტინში, სეზონის განახლებამდე გავატარეთ. ამ ეტაპზე საუბარი რთულია, მაგრამ რაიმე კონკრეტული გეგმა ხომ არ გაქვთ? კლუბს, რომელშიც 13 წელიწადი გაატარეთ, დღეს ძალიან უჭირს -  "ჩიხურაში" დაბრუნებას ხომ არ გეგმავთ? "ჩიხურაში" მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე დაბრუნება გამორიცხულია, რადგან იქ ჩემს ხელში გაზრდილი ძალიან ნიჭიერი და კარგი ბიჭები მუშაობენ. ჩემი წამოსვლის ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ეს გახლდათ, რომ ამ ადამიანებისთვის შანსი მიმეცა და ასპარეზი დამეთმო, რათა თავისი შესაძლებლობები უკეთ გამოევლინათ. გუნდის პრობლემა ყველაზე მეტად იმაში მდგომარეობს, რომ შემადგენლობა წინა სეზონთან შედარებით თითქმის სრულად სახეცვლილია. აქ არიან ფეხბურთელები, რომლებსაც შესათამაშებლად და საკუთარი შესაძლებლობების სრულფასოვნად წარმოსაჩენად დრო სჭირდებათ. გარდა ამისა, ძნელია ისეთ პირობებში კარგად გამოსვლა, როცა გუნდს საშინაო კედლებში თამაშიც კი არ უწევს. ასეთი რამ საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, ჩემი მუშაობის პერიოდშიც გვიწევდა სახლიდან შორს თამაში და ეს გუნდზე გავლენას ახდენდა.

სხვა სტატიები