“სტადიონის კარის დაკეტვა გამოსავალი არ არის” – სფფ-ს პრეზიდენტი კორონავირუსს გამოეხმაურა 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. სფფ-ს მმართველმა სოციალურ ქსელებში ქართულ და ინგლისურ ენაზე დაწერა, რომ მაყურებლის გარეშე საერთაშორისო მატჩების გამართვა პრობლემიდან გამოსავალი არ არის.

“მაშინ, როდესაც მსოფლიოში ყოველდღიურად იზრდება ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი, მაყურებლის გარეშე საერთაშორისო მატჩების გამართვა გამოსავალი არ არის, რადგან ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მგზავრობით საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენება უწევთ. თითოეულმა ფედერაციამ, უეფასთან ერთად, უნდა ვიზრუნოთ არა მხოლოდ გულშემატკივარის უსაფრთხოებაზე, არამედ ჩვენი ფეხბურთელების ჯანმრთელობაზე! ამ საკითხზე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ.

მაყურებლისთვის სტადიონის კარის დაკეტვა პრობლემის მოგვარების გზა არ არის!”,-წერს კობიაშვილი.

შეგახსენებთ, მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებული ვირუსის შედეგად, უდიდესი მასშტაბის მქონე არაერთი სპორტული ღონისძიება გადაიდო ან დახურულ კარს მიღმა ჩატარდა. რეაგირება მოახდინა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამაც, რომელმაც საქართველოს ჩემპიონატის მატჩები პირველ აპრილამდე გააუქმა.

საქართველო-ბელარუსის დაპირისპირება “დინამო არენაზე” 26 მარტს უნდა გაიმართოს.

ასევე იხილეთ: პანდევი: “გთხოვთ, გადადეთ ჩვენი ცხოვრების მთავარი თამაში”

ასევე იხილეთ: მაკედონია-კოსოვო მაყურებლის გარეშე ჩატარდება

ასევე იხილეთ: ბელარუსები ცარიელ ტრიბუნებს მხარს უჭერენ, სფფ-ში ცვლილებას არ ადასტურებენ

(2018)

“სტადიონის კარის დაკეტვა გამოსავალი არ არის” – სფფ-ს პრეზიდენტი კორონავირუსს გამოეხმაურა 

სტატიის ავტორი
-