Belive

სტენფორდის უნივერსიტეტი: სალაჰმა ლივერპულის გულშემატკივარზე დაუჯერებელი გავლენა მოახდინა

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
სტენფორდის უნივერსიტეტის საიმიგრაციო პოლიტიკის ლაბორატორიამ კვლევა ჩაატარა, რომლის მთავარ მიზანს "ლივერპულში" მოჰამედ სალაჰის გადასვლის შემდეგ, გულშემატკივარის ქცევის ცვლილების დადგენა წარმოადგენდა. ეროვნებით ეგვიპტელი, რელიგიური აღმსარებლობით კი მუსულმანი მოჰამედ სალაჰი "ლივერპულში" სათამაშოდ 2017 წელს გადავიდა. კვლევამ აჩვენა, რომ სალაჰის გადასვლის შემდეგ, "ლივერპულის" გულშემატკივრები Twitter-ზე 50%-ით ნაკლებ ანტი-მუსულმანური შინაარსის პოსტებს წერენ. ქალაქი ლივერპული მერსისაიდში, დიდ ბრიტანეთის მეტროპოლიურ საგრაფოში მდებარეობს. როგორც ირკვევა, სალაჰის ტრანსფერის შემდეგ, მერსისაიდში უცხოელების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული 18.9%-ით შემცირდა. კვლევის ავტორების თანახმად, მოჰამედ სალაჰმა მუსულმანებთან დაკავშირებული მცდარი სტერეოტიპების მსხვრევას შეუწყო ხელი. "გულშემატკივარი თვალს ადევნებს სალაჰის თამაშს, მის ინტერვიებს და სალაჰის სოციალურ გვერდებზე განთავსებულ ინფორმაციას. გოლის აღნიშვნისას სალაჰი ლოცულობს და ეს "ლივერპულის" გულშემატკივარს არ აღიზიანებს. ბრიტანეთში არც ისე ბევრი მუსულმანია, რომელიც საკუთარ რელიგიურ იდენტობას ასე თავისუფლად ამჟღავნებს, როგორც მოჰამედ სალაჰი," აღნიშნულია კვლევაში. კვლევის ფარგლებში მერსისაიდში არსებული 25 პოლიციის განყოფილების მონაცემები და Twitter-ზე დაწერილი 15 მილიონი პოსტი იქნა გაანალიზებული. 2017 წლის შემდეგ, სალაჰმა "ლივერპულის" შემადგენლობაში 105 მატჩი ჩაატარა, სადაც მან 71 გოლის გატანა და 29 საგოლე პასის გაკეთება შეძლო. აქვე შეგახსენებთ, რომ სადებიუტო სეზონში სალაჰმა 44 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები