Belive

სტივენ ჯერარდი: "მომავალში ლივერპულის მწვრთნელობას ვისურვებდი"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"ლივერპულის" ყოფილ ლეგენდარულ კაპიტანს სტივენ ჯერარდს სამომავლოდ იმ გუნდის მთავარი მწვრთნელობა სურს, სადაც თითქმის მთელი კარიერა გაატარა. ამჟამად ჯერარდი შოტლანდიური "რეინჯერსის" დამრიგებელია, მისი გუნდი შოტლანდიის ჩემპიონატს 19 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 53 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს. The Athletic-თან ინტერვიუში 40  წლის სპეციალისტმა "ლივერპულში" მთავარი მწვრთნელის რანგში დაბრუნებაზე ისაუბრა.
" ძალიან ხშირად მისვამენ ამ შეკითხვას. ვფიქრობ, რომ  ყველაფერი ისე იქნება, როგორც უნდა მოხდეს. მინდა თუ არა, რომ "ლივერპულის" მწვრთნელი გავხდე? ვოცნებობ თუ არა ამაზე? რა თქმა უნდა. ეს არის კლუბი, რომელიც ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს, თუმცა ჩვენ ერთ-ერთი საუკეთესო, თუ არა საუკეთესო მწვრთნელი გვყავს მსოფლიოში, რომელიც საოცრად მუშაობს მოსვლის მომენტიდან. ბოლო წლებში მან მრავალი წარმატება მოგვიტანა. "ლივერპული" ფანტასტიკურ მდგომარეობაშია. დაე, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს ასე". "მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში კლუბისგან საოცრად კარგ დამოკიდებულებას და მხარდაჭერას ვგრძნობდი. ახალც ვუყურებ "ლივერპულის" ყველა შეხვედრას, კლუბის მიმართ ჩემი დამოკიდებულება არ შეცვლილა. მეტი განსახილველი აღარაფერია. ის, რომ "ლივერპულისთვის" კარგი მოთამაშე ვიყავი და მთელი კარიერა იქ გავატარე, არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად გუნდის შემდეგი მთავარი მწვრთნელი ვიქნები. თუ ოდესმე ეს ადგილი გათავისუფლდება, გუნდს ტოპ სპეციალისტების რიგი დაუდგება".
"ლივერპულის" შემადგენლობაში ჯერარდი 1998 წლიდან 2015 წლის ჩათვლით ასპარეზობდა. საფეხბურთო კარიერა მან "ლოს-ანჯელეს გალაქსის" შემაგენლობაში დაასრულა. "ლივერპულის" ამჟამინდელი გერმანელი თავკაცი მართლაც მშვენივრად მუშაობს, მაგრამ ალბათ "ლივერპულის" უამრავ გულშემატკივარს გაახარებდა ლეგენდარული კაპიტნის გუნდში დაბრუნება, კაპიტნისა, რომელმაც მათ არაერთი დაუვიწყარი წუთი აჩუქა და რომელიც ყოველთვის მზად იყო გუნდისთვის ბოლომდე დახარჯულიყო.  

სხვა სტატიები