Belive

სუარესი: "კუმანმა მითხრა, რომ მის გეგმებში არ შევდიოდი"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"ბარსელონადან" "ატლეტიკოში" გადასულ ლუი სუარესს შესანიშნავი სეზონი აქვს - ურუგვაელის ანგარიშზე ყველა ტურნირზე ჩატარებულ 20 მატჩში 14 გოლი და 2 საგოლე პასია, რაც იმისი დასტურია, რომ მისი გუნდიდან წასვლა სათამაშო ფორმის დამსახურება არ იყო. კატალონიური გრანდიდან წასვლის მიზეზებთან დაკავშირებით, El Transistor-თან საუბრისას, სუარესმა კომენტარი გააკეთა.
"ბარსელონაში მითხრეს, რომ გუნდი ჩემზე იმედებს აღარ ამყარებდა, რაც ძალიან რთული მომენტი იყო, ამას არ ველოდებოდი. კუმანმა დამიბარა და მითხრა, რომ მის გეგმებში არ შევდიოდი", - აღნიშნა "ელ პისტოლერომ".
ურუგვაელის თქმით, მისდამი ინტერესს "იუვენტუსის" გარდა, ბევრი გუნდი იჩენდა, თუმცა მან ისეთი არჩევანი გააკეთა, რომელიც პირადად მისთვის და ასევე, მისი ოჯახისთვის საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა. ასევე, მის გადაწყვეტილებაზე გავლენა მწვრთნელის ფაქტორმაც იქონია.
"ჩოლოს ადამიანის დარწმუნება შეუძლია და ის ამისთვის ყველაფერს იყენებს. ის უდიდესი მოტივატორია. პირადად მე, მწვრთნელი ვერ ვიქნებოდი, რადგან შენ დიდი წნეხის ქვეშ გიწევს მუშაობა, ყველას ვერ ასიამოვნებ", - განაცხადა მან.
"ბარსელონადან" წამოსვლის მიუხედავად, სუარესი ლიონელ მესისთან კვლავ კარგ უერთიერთობას ინარჩუნებს და მიიჩნევს, რომ არგენტინელი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია. მისივე თქმით, ერთადერთი ვარიანტი, რომ მათ კვლავ ერთად ითამაშონ, ამხანაგური მატჩი შეიძლება იყოს. შეგახსენებთ, რომ მესიმ სუარესის წასვლასთან დაკავშირებით თავისი გუნდი საჯაროდ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ურუგვაელი მეტ დაფასებასა და აღიარებას იმსახურებდა.

სხვა სტატიები