Belive

"სულ მცირე 2-3 წელს მესი კვლავ უმაღლეს დონეზე ჩაატარებს",- რივალდო

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"ბარსელონას" ყოფილმა ლეგენდარულმა მოთამაშემ რივალდომ ლეო მესის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ არგენტინელი სუპერვარსკვლავი მინიმუმ 2-3 წელი კვლავ უმაღლეს დონეზე ითამაშებს.  როგორც ცნობილია, ლეო მესის საკმაოდ რთული პერიოდის გამოვლა მოუწია: არგენტინელს გასულ ზაფხულს გუნდის დატოვება სურდა, თუმცა  გუნდმა მის სანაცვლოდ €700 მილიონი მოითხოვა, რაც არარეალური თანხა იყო და მეტიც, ეს იმას ნიშნავდა, რომ გუნდი მესის ტრანფერს ბლოკავდა. საბოლოოდ, მესიმ სასამართლო დავას კვლავ გუნდში დარჩენა არჩია. არეული პერიოდი მესის თამაშზეც აისახა და ის არც ისე დამაჯერებლად გამოიყურებოდა. მესის მომავალთან დაკავშირებით მედიაში სპეკულაციები არ წყდებოდა. "ბარსას" ათიანს ყველაზე ხშირად "სიტისთან" აკავშირებდნენ და სწორედ ინგლისურ კლუბში უწინასწარმეტყველებდნენ გადასვლას. თუმცა მესი კონტრაქტის ამოწურვამდე "ბარსელონაში" დარჩება. არგენტინელი სუპერვარსკვლავის მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ იწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ მესის იანვრიდან ნებისმიერ კლუბთან შეუძლია მოლაპარაკების გამართვა. რივალდოს აზრით, მესი "გასასვლელისკენ" მიდის, თუმცა ბოლო დროს ის კვლავ ამჩნევს მესის თამაშში იმ დამახასიათებელ ნაპერწკალს, რომელიც არგენტინელს გამოარჩევს. Betfair-თან საუბრისას რივალდომ განაცხადა:
"ლეო მესიმ 2021 წელი შესანიშნავად დაიწყო, იმ გოლებითა და გადაცემებით, რომლებითაც მისგან განებივრებულები ვართ. მისთვისაც და კლუბისთვისაც მნიშვნელოვანია ურთიერთობების შენარჩუნება, რადგან შესაძლოა მისი დრო, როგორც "ბარსელონას" მოთამაშის, სრულდება". "ჩვენთვის ჯერ კიდევ უცნობია, გააგრძელებს თუ არა ლეო გუნდთან კონტრაქტს, მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცით, რომ სულ ცოტა 2-3 წელს კვლავ უმაღლეს დონეზე ითამაშებს". "უნდა დავაფასოთ ის სიამოვნება, რომელსაც მისი ბრწყინვალე თამაშის ყურება გვანიჭებს". "ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა აღვნიშნოთ, რომ მაშინაც კი, როცა ის უმაღლეს დონეზე არ თამაშობს, მაინც საუკეთესოა "ბარსელონაში", რაც ხაზს უსვამს მის ხარისხსა და მნიშვნელობას გუნდისთვის".
ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მესიმ 16 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები