Belive

სულშერი: "ტიტულის მაძიებლებად არც უნდა ჩაგვთვალოთ"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
პრემიერ ლიგის 23-ე ტურში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ოლდ ტრაფორდზე" კარლო ანჩელოტის "ევერტონს" უმასპინძლა, შეხვედრა დაძაბული და დრამატული გამოდგა: მიუხედავად იმისა, რომ "წითელი ეშმაკები" შეხვედრას ორბურთიანი უპირატესობით იგებდნენ, საბოლოოდ მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა. "იუნაიტედმა" გამარჯვება ბოლო წამებზე დაკარგა. მატჩის შემდგომ კომენტარი გააკეთა "იუნაიტედის" ნორვეგიელმა სპეციალისტმა ოლე გუნარ სულშერმა. Sky Sports-თან საუბრისას სულშერმა აღნიშნა:
" მე-2 ტაიმში ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ კარში სამჯერ დაგვირტყეს და სამივეჯერ გოლი გაგვიტანეს. როცა ასე ხდება, რა თქმა უნდა, გული ძალიან გწყდება". " გაშვებულ გოლებში კონკრეტულ მოთამაშეებს არ ვადანაშაულებ, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ უკეთ, უფრო გუნდურად შეგვეძლო გვეთამაშა და უკეთესი შედეგი დაგვედო". " შედეგები ქმნის განწყობას, ჩვენ კი 2 ქულა ბოლო წუთებზე დავკარგეთ, რის გამოც კარგ ხასიათზე ნამდვილად ვერ ვიქნებით".
სულშერმა საკუთარი გუნდის საჩემპიონო შანსებზეც ისაუბრა.
" ახლა ჩვენ ტიტულების მოგებაზე არ ვფიქრობთ, ჩვენ გრძელი გზა გამოვიარეთ, როგორც გუნდმა, და ჯერჯერობით სამუშაო კიდევ გვაქვს". " ჩვენი განხილვა ტიტულის მაძიებლების როლში არც კი ღირს, ამას უფრო მედია აკეთებს, ვიდრე ჩვენ". " ჩვენ უკეთესები უნდა გავხდეთ, როგორც გუნდი და ვნახოთ, რის მიღწევას შევძლებთ, მომავალში მარტივი გოლების გაშვება უნდა შევწყვიტოთ".
პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 23 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედს" 45 ქულა აქვს, სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე იმყოფება და ლიდერ "სიტის" 2 ქულით ჩამორჩება, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ გვარდიოლას გუნდს 2 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

სხვა სტატიები