Belive

სუპერკომპიუტერის პროგნოზი: როგორ დასრულდება პრემიერ ლიგა

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
სუპერკომპიუტერის ვარაუდის მიხედვით, იურგენ კლოპის "ლივერპული" ინგლისის ჩემპიონის ტიტულის დაცვას შეძლებს და ზედიზედ მეორედ მოიგებს პრემიერ ლიგას. პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მე-14 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე "ლივერპული" იმყოფება 31 ქულით. მე-2 ადგილზე მყოფი "ლესტერი" მერსისაიდელებს მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება. მიუხედავად იმისა, რომ წინა სეზონისგან განსხვავებით საჩემპიონო რბოლაში მიმდინარე სეზონში, სავარაუდოდ, ერთი გუნდი დიდი უპირატესობით წინ აღარ გაიჭრება და "ლივერპულის" ტრავმების პრობლემაც გასათვალისწინებელია, სუპერკომპიუტერი მაინც "ლივერპულის" ჩემპიონობას წინასწარმეტყველებს. პრემიერ ლიგის დასრულების შემდეგ საუკეთესო ოთხეულში შევლენ: "ლივერპული", "ლესტერი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ჩელსი". ძალიან საინტერესო ფაქტია, რომ სუპერკომპიუტერმა გვარდიოლასა და მოურინიოს გუნდები ოთხეულს მიღმა დატოვა და, შესაბამისად, მათ მიმდინარე სეზონის მე-8 და მე-7 ადგილებზე დასრულება უწინასწარმეტყველა. არადა, მთელი სეზონი წინაა და ორივე გუნდი სავარაუდოდ ტიტულისთვის იბრძოლებს. "მანჩესტერ სიტის" ერთით ნაკლები თამაში აქვს ჩატარებული, ვიდრე პრემიერ ლიგის ლიდერ "ლივერპულს", სატურნირო ცხრილში მე-8 პოზიციაზე 23 ქულით იმყოფება და კლოპის გუნდს 8 ქულით ჩამორჩება, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ მატჩს, რომელიც გვარდიოლას გუნდს თადარიგში აქვს, ჩამორჩენა შესაძლოა 5 ქულამდე დავიდეს. სუპერკომპიუტერის მიხედვით პრემიერ ლიგის დასრულების შემდეგ ჩემპიონშიპში დაქვეითდებიან: "ბარნლი", "ვესტ ბრომი" და "შეფილდ იუნაიტედი". თუ გავითვალისწინებთ, რომ "შეფილდ იუნაიტედს" მხოლოდ 2 ქულა აქვს აღებული 14 ჩატარებული შეხვედრიდან და ბოლო მე-20 ადგილზე იმყოფება, გუნდის პრემიერ ლიგიდან გავარდნა გასაკვირი ნამდვილად არ იქნება. რაც შეეხება "არსენალს", გუნდი ამ მომენტისტვის 14 ქულით მე-15 პოზიციაზე იმყოფება. არტეტას გუნდისთვის არც სუპერკომპიუტერის ვარაუდია იმედის მომცემი. კომპიუტერის მიხედვით "მეთოფეები" პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მე-16 პოზიციაზე იქნებიან. თუ ვარაუდი გამართლდა, ალბათ არტეტას გუნდში დიდხანს აღარ დატოვებენ. საინტერესოა, როგორ დასრულდება პრემიერ ლიგის 2020-21 წლის სეზონი, ჯერ მთელი სეზონი წინაა და ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა სუპერკომპიუტერს თუ დავუჯერებთ, "ლივერპული" კვლავ ჩემპიონი გახდება, ხოლო "ტოტენჰემი" და "სიტი" ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის გარეშე დარჩებიან.

სხვა სტატიები