Belive

ჭიაბრიშვილი: "გულდასაწყვეტი ისაა, რომ არარატი ჩვენზე ძლიერი არ არის"

4 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
დღეს “საბურთალო” შინ “არარატთან” 0:2 დამარცხდა. თბილისელებმა სომხებთან ორი მატჩის ჯამში 2:3 წააგეს და ევროპა ლიგას მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოეთიშნენ. “საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა თამაშის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. ფეხბურთელებმა გულშემატკივარს მადლობა თუ არ გადაუხადეს, ეს შეცდომაა და ჩვენი წილი პასუხისმგებლობა აღებული გვაქვს. გეთანხმებით, წავაგეთ და ცუდი თამაში იყო. ამ ფაქტს ვერავის წინაშე გამოვასწორებთ. ეს კრახია, რომლის თავში მე ვარ. სამწუხაროდ, გულშემატკივრის მხრიდან ცუდი ფაქტები დაფიქსირდა. ყველაფერს ჩაღრმავება და გაანალიზება სჭირდება. ვფიქრობ, რომ ასე არ თამაშობენ ისეთ მატჩში, რომლის შემდეგაც ევროპულ სარბიელზე გასვლის უდიდესი შანსი აქვთ. წინასწარ ყველაფერი რომ ვიცოდეთ, კარგი იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ ხდება. ჩემი აზრია, რომ ეს ამ გუნდის მაქსიმუმი არ არის. თამაშის შემდეგ ისე გამოჩნდა, რომ მეორე ნომრად ვთამაშობდით. ეს მე გუნდისთვის არ დამივალებია. იყო ბევრი უიღბლობა და ბევრი შეცდომა. არ ვეთანხმები იმას, რომ რომელიმე ფეხბურთელი ბოლომდე არ დაიხარჯა. ყველაზე გულდასაწყვეტია ის, რომ "არარატი" ჩვენზე ძლიერი გუნდი არაა. იყო ხასიათის პრობლემა, რომელიც სამწუხაროდ, ვერ გამოვასწორეთ. ეს ისეთი დუელი იყო, რომელიც უნდა მოგვეგო. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ყველაფერს ჩემს თავზე ვიღებ. ასევე ვფიქრობ, რომ ეიფორია წნეხში გვაქცევს. მსაჯობაზე საუბარი არ მინდა. არ ვიცი, ევროპაში სხვა წესებია და ჩვენთან სხვა?! იყო რამდენიმე მომენტი, როდესაც ისეთი გაფრთხილება მივიღეთ, როგორსაც არც ერთ ქვეყანაში არ აძლევენ. შედეგზე მეტად მსურდა, რომ სტადიონზე მოსული გულშემატკივარი გაგვეხარებინა. თუმცა, სანამ შემთხვევითობაზე ვიქნებით დამოკიდებული, ევროტურნირებზე ვერ გავალთ. სანამ იმაზე გვექნება ფიქრი, თუ ვის ამოიღებენ კენჭისყრისას, ყოველთვის გაგვიჭირდება. ეს კანონზომიერება უნდა იყოს, რომლისთვისაც ბევრია სამუშაო. ახლა ჩემი მომავლის შესახებ ვერაფერს ვიტყვი. ფაქტია, ჩემპიონი გუნდის მწვრთნელი ვარ. ცოტას დავისვენებთ, დავსხდებით და გადაწყვეტილებას შემდეგ მივიღებ. მსაჯობა ძალიან ცუდი იყო, მაგრამ ბოთლის სროლა ზედმეტი იყო," - თქვა გიორგი ჭიაბრიშვილმა.

სხვა სტატიები