Belive

ჭურჭლის მრეცხავობიდან მილანის ფეხბურთელობამდე - ჰარვი ესაიას დაუჯერებელი ისტორია

1 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ
ჰარვი ესაიას სახელი ფეხბურთის ძალიან ღრმად მცოდნე გულშემატკივარსაც აღარ ახსოვს. არადა, მისი ისტორია ორიგინალური და საინტერესო დეტალებით არის სავსე - ის არის ადამიანი, რომელმაც ახალგაზრდობა ზეედორფთან, კლუივერტთან და კანუსთან ერთად გაატარა, შემდეგ ფეხბურთის თამაშს თავი დაანება და მოგვიანებით, კვლავ საფეხბურთო მოედანზე გადაინაცვლა - "მილანში" მას რეკომენდაცია ზეედორფმა გაუწია, ნებართვა კი თვით კარლო ანჩელოტისგან მიიღო. ფეხბურთი ყველაზე მასობრივი სპორტია, ფეხბურთელობაზე კი, ძილის წინ, უამრავ ბავშვს უოცნებია. მათგან დიდ ფეხბურთში ძალიან ცოტას თუ შეუბიჯებია და კიდევ უფრო ცოტას თუ გავიხსენებთ ისეთს, რომელსაც ბუცები ლურსმანზე ჩამოუკიდებია და წლების შემდეგ, დიდ ფეხბურთში დაბრუნებულა - ჰარვი ესაია სწორედ ამ ისტორიის გმირია. ისტორიის თხრობა თავიდან დავიწყოთ - ჰარვი ესაია 1974 წელს, ამსტერდამში დაიბადა. ფეხბურთის თამაში ბავშვობიდან უყვარდა და სათანადო ფიზიკური მონაცემების ფონზე, ამსტერდამის "აიაქსის" აკადემიაში მოხვდა. მის გვერდით, ზემოთაღნიშნული ზეედორფი, კლუივერტი და კანუ თამაშობდნენ. დროთა განმავლობაში, "აიაქსის" ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელებმა მისი პოტენციალი ეჭვქვეშ დააყენეს და ცხადი გახდა, რომ ესაია კარიერას სხვა გუნდში გააგრძელებდა. პირველი პროფესიონალური კონტრაქტი "ფეიენორდთან" გააფორმა და 18 წლის ასაკში, მშობლიური "აიაქსის" წინააღმდეგ გოლის გატანაც შეძლო. ეს კარიერის ზღაპრულ დასაწყისს ჰგავდა - ახალგაზრდა ფეხბურთელი ნიდერლანდების ჩემპიონატის მთავარი მატჩის ერთ-ერთი გმირი გახდა. როგორც ნათქვამია, "ოცნებები მცნებებივით ირღვევიან" - მისი კარიერა არასახარბიელოდ წარიმართა. დროთა განმავლობაში, ესაიამ სათადარიგოთა სკამიდან სარეზერვო გუნდში გადაინაცვლა. 1999-ში გუნდი დატოვა, რასაც  მოჰყვა უთავბოლო ხეტიალი ისეთ გუნდებში, როგორებიცაა "კამბური", "დოტრეხტი", "ფიორენტინა", "ტორინო", "რეალ მადრიდ B", "ზამორა" და სხვ. 2001 წელს, ესაიამ კარიერა დაასრულა და მუშაობა ესპანეთის ცირკში დაიწყო.

ესაია, ზეედორფი, ანჩელოტი...

3 წლის განმავლობაში, ესაია ფეხბურთს მთლიანად ჩამოშორებული იყო - ჭურჭლის მრეცხავად მუშაობდა და ვერმიღწეულ მიზნებზე ფიქრობდა. სწორედ ამ დროს, 2004 წელს, მას ყოფილი თანაგუნდელი, კლარენს ზეედორფი ესტუმრა. ძველმა მეგობრებმა "აიაქსის" პერიოდი, ბურთის მოედანზე ერთად გაგორების პერიოდი გაიხსენეს. ესაია ზეედორფს გამოუტყდა, რომ ფეხბურთში დაბრუნება მისი უდიდესი სურვილი იყო. იმ პერიოდში, ნიდერლანდელი ნახევარმცველი "მილანის" ახალწვეულად ითვლებოდა და ამის მიუხედავად, იტალიაში უკვე საკმაოდ წონიანი ავტორიტეტით სარგებლობდა. გუნდის ბაზაზე დაბრუნებულმა, ანჩელოტის ნახევრად ხუმრობით უთხრა, რომ მას კარგი მცველის აყვანა სრულიად უფასოდ შეეძლო. ცხადია, ანჩელოტიმ ამ ამბავს სკეპტიკურად შეხედა - როგორ უნდა მიიღო "მილანში" ფეხბურთელი, რომელიც ბურთს 3 წელია არ შეხებია და თანაც, 100 კილოგრამს იწონის? ამის მიუხედავად, ანჩელოტიმ მისთვის შანსის მიცემა გადაწყვიტა: ესაიას "მილანელოზე" ვარჯიშის უფლება მიეცა, რაც არანაირ გარანტიას არ იძლეოდა, თუმცა უკვე ძალიან ბევრს ნიშნავდა. 3 თვის შემდეგ, ესაიამ 15 კილოგრამი დაიკლო და ფორმაში შევიდა. ანჩელოტიმ მას მონდომება, თავდადება, ადამიანური თვისებები დაუფასა და მოულოდნელად, "მილანმა" მას კონტრაქტი გაუფორმა. 3 წლით ადრე, ესაიას კარიერა დასრულებული ჰქონდა და ცირკში მუშაობდა. ახლა კი, მის გვერდით მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობდნენ.

დებიუტი ძირითად გუნდში

კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რომ შესაძლოა, მისი სახელი გულშემატკივარს არ ახსოვდეს. სამაგიეროდ, 2005 წლის იანვარი ჰარვი ესაიას არასოდეს დაავიწყდება: ანჩელოტიმ მას ფეხბურთისადმი სიყვარული დაუფასა და სეზონის განმავლობაში მუდმივად სათადარიგოთა სკამზე მყოფი ფეხბურთელი 3 წუთით ათამაშა. ესაიამ მასიმო ამბროზინი შეცვალა და იონ დალ ტომასონს შესანიშნავი გადაცემაც გაუკეთა, თუმცა დანიელმა ფეხბურთელმა შანსის რეალიზება ვერ შეძლო.
  მომდევნო სეზონში, ესაია "ლენიანოში" გადავიდა, სადაც მეორედ და უკანასკნელად დასრულა კარიერა. როგორც თავად ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში, მთელი ცხოვრების განმავლობაში, კლარენს ზეედორფის მადლიერი იქნება, რადგან ოცნების ახდენა შეძლო. მეორე მხრიდან რომ შევხედოთ, ვინ გააკრიტიკებდა ზეეფორდს იმის გამო, რომ კარლო ანჩელოტის არ დალაპარაკებოდა? მისი ბავშვობის მეგობარი 100 კილოგრამს იწონიდა და ფეხბურთი 3 წლის განმავლობაში ნათამაშები არ ჰქონდა. თუმცა პასუხი ალბათ იქ უნდა ვეძებოთ, რომ ადამიანისთვის, რომელიც უდიდესი მოტივაციით არის სავსე, შანსის მიცემა ყოველთვის შეიძლება - იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც თითქოს ყველა გზა გადაჭრილია. ჰარვი ესაია თავის კარიერას ასე აფასებს: "იმ ადამიანის დაუჯერებელი ისტორია, რომელმაც შეუძლებელი შესაძლებლად აქცია".

სხვა სტატიები