Belive

"ტექნიკურია და ფეთქებადი, თუმცა ფიზიკური მომზადება უნდა გააუმჯობესოს" - რას წერენ ფრანგულ პრესაში დავითაშვილის შესახებ?

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ფრანგული მედია "ბორდოს" ახალწვეულისა და საქართველოს ნაკრების შემტევის, ზურიკო დავითაშვილის სათამაშო უნარ-ჩვევებს განიხილავს. 

webgirondins.com-ი 21 წლის ქართველ ფეხბურთელს ვრცელ ანალიტიკურ სტატიას უძღვნის და მისი თამაშის სხვადასხვა ასპექტებზე ამახვილებს ყურადღებას.

"აქ იმ 21 წლის გარემარბის სათამაშო სტილზე ვისაუბრებთ, რომელიც "ბორდომ" შეტევითი ხაზის გასაძლიერებლად იჯარის წესით და გამოსყიდვის შესაძლებლობით დაიმატა.

ამ სტატიის შესაქმნელად ჩვენ სკაუტების მონაცემები მოვიპოვეთ, რომელიც 2022 წელს არის შექმნილი. 

მისი მთავარი პოზიცია მარჯვენა ფლანგის შემტევობაა. მას ასევე შეუძლია თამაში მარცხენა ფლანგზე. იგი 1.73 მ სიმაღლისა და 63 კგ წონისაა. მიმდინარე სეზონში, მან "დინამო ბათუმის" მაისურით 18 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 7 გოლის გატანა და 3 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

მისი ძლიერი მხარეებია დრიბლინგი და აჩქარება. მემარჯვენეა, თუმცა ასევე იყენებს მარცხენა ფეხს. კარგად შეუძლია ბალანსის დაცვა, პატარა სივრცეებიდან ბურთიანად იოლად გასვლა და მისი ფეხზე მიწებება.

რაც შეეხება სისუსტეებს, მას ფიზიკური მომზადების ნაკლებობა აქვს, რის გამოც მატჩის სრულად ჩამთავრება უჭირს. ლიგა 2-ის დონესთან ადაპტაციისთვის მას ფიზიკური მომზადების გაუმჯობესება მოუწევს.

სკაუტური ანგარიშის დასკვნა გვეუბნება, რომ ამ 21 წლის ქართველ მოთამაშეს აქვს ტექნიკური პროფილი კარგი ფეთქებადობით და ტექნიკური თამაშის კარგი საფუძველი.

საფრანგეთთან და ლიგა 2-თან ადაპტაციისთვის მას სწრაფად მოუწევს ტაქტიკური განსწავლის კუთხით განვითარება. "ბორდოს" მთავარ მწვრთნელს მარჯვენა ფლანგის შემტევის პოზიციაზე მისი როტაციაში ჩასმა შეუძლია. ასევე, მისი ფეთქებადობა შესაძლოა კარგი იარაღი აღმოჩნდეს შეცვლაზე შემოსვლის დროს", - წერენ ფრანგულ მედიაში.

ზურიკო დავითაშვილი "ბორდომ" "დინამო ბათუმიდან" 1-წლიანი იჯარის წესით დაიმატა, მისი გამოსყიდვა კი ფრანგულ კლუბს 2023 წლის ზაფხულში შეეძლება.

ლიგა 1-დან დაქვეითებული კლუბი ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებული 7 ტურის შემდეგ დაგროვილი 14 ქულით პირველ პოზიციას იკავებს და შემდეგ შეხვედრას "სენტ ეტიენის" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები