“თბილისში ჯოჯოხეთი გველის” – მაკედონიის ნაკრების თავდამსხმელი საქართველოსთან მატჩის წინ საუბრობს

უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა მატჩში, საქართველოს ნაკრები ჩრდ. მაკედონიის ეროვნულ გუნდს ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” უმასპინძლებს.

მატჩის წინ, მაკედონიის ნაკრებისა და შოტლანდიური “აბერიდინის” ცენტრალურმა თავდამსხმელმა, ბოიან მიოვსკიმ კომენტარი გააკეთა.

“საქართველო ბოლო წლებში ფეხბურთში პროგრესირებს და თუ როგორ, ჩვენ ეს ვიცით. ეს საქართველომ სკოპიეში გამართული მატჩის მეორე ტაიმში აჩვენა. თუმცა, ვფიქრობ, პირველ ტაიმში რომ გოლი გაგვეტანა, მაშინ სულ სხვა თამაში იქნებოდა.

გასაგებია, რომ რამდენიმე საკვანძო მოთამაშე გვაკლია, მაგრამ აქ ყველა მაქსიმუმს გააკეთებს. ვიცით, რომ თბილისში ჯოჯოხეთური მატჩი გველოდება, მაგრამ გონებაში მხოლოდ გამარჯვება გვაქვს.

ფეხბურთს გოლებისთვის თამაშობენ. ამ ორ ვარჯიშზე მწვრთნელი გვიჩვენებს, როგორ უნდა განვახორციელოთ შეტევა, რა არის საქართველოს სუსტი მხარეები. აქ ჩვენ ერთად ვთამაშობთ და ვფიქრობ, რომ თბილისის მოედანზე ამას ვაჩვენებთ – იმ მოედანზე, რომელზეც აქამდეც გვითამაშია.

პირველი ადგილის დაკავების თეორიული შანსი გვაქვს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. საქართველო უკეთეს მდგომარეობაშია, ქულის მოპოვებითაც შეძლებს პირველი ადგილის შენარჩუნებას. ვიცით, რომ რთული იქნება, მაგრამ გვჯერა, რომ გავიმარჯვებთ”, – თქვა 23 წლის ფეხბურთელმა.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების შეხვედრა 23 სექტემბერს გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ჩვენი გუნდი სულ მცირე ქულის მოპოვების შემთხვევაშიც კი უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალის საგზურს მოიპოვებს.

“თბილისში ჯოჯოხეთი გველის” – მაკედონიის ნაკრების თავდამსხმელი საქართველოსთან მატჩის წინ საუბრობს

სტატიის ავტორი
-