Belive

თბილისურმა დერბიმ ეროვნულ ლიგაში ლიდერი ვერ შეცვალა 

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მიხეილ მესხის სახელობის არენამ, საქართველოს ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის ერთ-ერთ მთავარ დაპირისპირებას უმასპინძლა. მოქმედმა ჩემპიონმა "საბურთალომ" თბილისურ დერბიში "დინამო" მიიღო. ბათუმის "დინამოს" მიერ მიჯრით ორ მატჩში დაფიქსირებული ფრის შემდეგ, თბილისურ კლუბებს ჩემპიონობის კიდევ უფრო მეტი შანსი გაუჩნდა, რის გამოც დღევანდელი დაპირისპირება დამატებით მოტივაციას ატარებდა. "დინამოს" 62, "საბურთალოს" კი 60 ქულა ჰქონდა, ამრიგად "ლურჯ-თეთრები" გამარჯვების შემთხვევაში ლიდერობას დაიბრუნებდნენ. მასპინძლებმა ინიციატივა საწყისი წუთებიდანვე ხელში აიღეს და მოგებაზე თამაში დაიწყეს, ხოლო "დინამო" მეორე ნომრად თამაშობდა და მიზნის მიღწევას კონტრშეტევაზე ცდილობდა. მეორე ნახევარში, სტუმრებმა მოუმატეს და ბურთის დაჭერას შეეცადნენ, თანაც მოედანზე გიორგი კუხიანიძის, გუჯა რუხაიასა და ლევან მჭედლიძის შემოსვლამ მათი შეტევები უფრო სახიფათო გახადა. მიუხედავად ამისა, ლევან ყენიასა და გიორგი კოხრეიძის აქტიურობას "დინამოს" კართან რამდენიმე ისეთი იერიში მოჰყვა, რომ არა ვიქტორ მონხილისა და ხოსე პერალესის გმირობა, გოლი გარდაუვალი იქნებოდა. საბოლოოდ, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, მეტოქის კარის აღება ვერცერთმა გუნდმა შეძლო და უგოლო ფრე დაფიქსირდა. ამრიგად, ცხრილს კვლავ ბათუმის "დინამო" ლიდერობს, რომელსაც 64 ქულა აქვს, მეორე და მესამე ადგილს კი "დინამო თბილისი" და "საბურთალო" იკავებენ, შესაბამისად 63 და 61 ქულით.

სხვა სტატიები