Belive

თემურ ქეცბაია ანორთოსისის დატოვებას აპირებს 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"ანორთოსისის" მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ, "აპოელ ლიმასოლთან" მარცხის (1:2) შემდეგ, რომელშიც ერთადერთი გოლი გიორგი ქვილითაიამ გაიტანა, ფამაგუსტური კლუბიდან მისი წასვლა არ გამორიცხა.
"ასეთი თამაშით გამარჯვება რთული იქნებოდა, თუმცა მეტოქემაც მხოლოდ ორჯერ დაგვირტყა კარში და ორი გოლი გაგვიტანა. ცუდი შედეგის გარდა, სანახაობრივი კუთხითაც, არაფერი შეგვიქმნია. ფეხბურთელებით უკმაყოფილო არ ვარ, მათ მაქსიმუმი გააკეთეს და ამ შეხვედრებში თავი არ დაუზოგავთ, თუმცა, ჩვენი გუნდის თავდაცვითი შესაძლებლობებით შეშფოთებული ვარ. ცხადია, საკმარისი იღბალიც არ აღმოგვაჩნდა. ასეთ შემთხვევაში, მეტი ქულის მოპოვების შანსი გვექნებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. მეტოქეებმა შანსი გამოიყენეს და უკეთესი ქულათა რაოდენობა აქვთ, ჩვენ კი არა. ჩვენი რეალური შანსი თასია და იქ ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ, თუმცა გულგრილები სხვა მატჩებთან მიმართებაშიც არ ვიქნებით. ჩვენ ყველა მატჩში მხოლოდ გამარჯვებისთვის ვითამაშებთ.
დიდი ალბათობით, შემდეგ სეზონში მე აქ აღარ ვიქნები. თასის გათამაშებას დაველოდოთ. სეზონი ტიტულით დავასრულოთ და შემდეგ, ნება მომეცით, აქ აღარ ვიყო.  ხალხს მოსწონს ის, რომ გუნდი კარგად თამაშობს. მე, როგორც მწვრთნელმა აქ ბევრი რამ გავაკეთე, იმდენი, რაც ბოლო 11 წლის განმავლობაში არ მომხდარა. წინა წელს ჩვენ ორივე ტიტულის მოგების შანსი გვქონდა, თუმცა ყველამ კარგად ვიცით, რაც მოხდა. წელს ჩვენ თასის მოსაგებად ვიბრძვით და მათემატიკურად ჩემპიონობის შანსიც გვაქვს, ვიცი, რომ ეს რთული იქნება", - ციტირებს 53 წლის ქართველი სპეციალისტის სიტყვებს kerkida.net-ი.
საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელის მიერ "ანორთოსისში" ხელმეორე ჯერზე მისვლის ორწლიან პერიოდში, გუნდში შვიდმა ქართველმა ფეხბურთელმა: გიორგი ლორიამ, ლუკა მიქაიამ, მურთაზ დაუშვილმა, თორნიკე ოქრიაშვილმა, ჯანო ანანიძემ, ნიკა კაჭარავამ და გიორგი ქვილითაიამ ითამაშა. მიმდინარე სეზონში, ქვილითაია და ოქრიაშვილი ყველა ტურნირზე ჩატარებულ შეხვედრებში გუნდის საუკეთესო ბომბარდირები არიან, შესაბამისად 15 და 7 გატანილი გოლით.

სხვა სტატიები