Belive

თითქმის გადაწყვეტილია, რომ სიტი გუარდიოლასთან კონტრაქტს გააგრძელებს

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
49 წლის ესპანელმა სპეციალისტმა თავისი სამწვრთნელო კარიერა კატალონიის "ბარსელონაში'' დაიწყო. გუარდიოლამ "ბარსელონასთან" ერთად არნახულ წარმატებას მიაღწია და შექმნა გუნდი, რომლის წინააღმდეგ თამაშიც ყველას აშინებდა. ერთადერთი გამოსავალი 90 წუთის განმავლობაში დაცვაში დგომა და იმის იმედი იყო, რომ პეპის ბარსა გოლს ვერ გაგიტანდა. ოთხი წლის განმავლობაში გუარდიოლას მიერ გაწვრთნილმა "ბარსელონამ" 14 ტიტული მოიგო, მათ შორის 3-ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი, 2-ჯერ კოპა დელ რეი და 2-ჯერ უეფას ჩემპიონთა ლიგა. ესპანური გრანდის შემდეგ გუარდიოლა "მიუნხენის ბაიერნში" მუშაობდა. პეპმა თავისი უნიკალური სტილი გუნდს მალევე დაატყო, თუმცა იყვნენ ისეთები, ვისაც არ მოსწონდა "ბაიერნის" შეცვლილი სათამაშო სტილი და გაუთავებელი პასები. ესპანელმა სპეციალისტმა "რეკორდმაისტერშიც" მშვენიერი სამუშაო ჩაატარა და არაერთი ტიტული მოიგო. ერთადერთი, რაზეც გერმანიაში მუშაობის პერიოდზე შეიძლება გული დასწყდეს, ეს არის ჩემპიონთა ლიგის ვერ მოგება - გუარდიოლამ "ბაიერნი" ნახევარფინალის იქით ვერ გაიყვანა. "ბარსელონასა" და "ბაიერნის" ყოფილი დამრიგებელი ამჟამად "მანჩესტერ სიტის" უდგას სათავეში. The Telegraph - ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ესპანელი კლუბის ხელმძღვანელობასთან  მოლაპარაკებებს აწარმოებს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, რომელიც 2021 წლის ზაფხულში იწურება და გუარდიოლა მალე ახალ შეთანხმებას მოაწერს ხელს "მანჩესტერ სიტისთან". შეთანხმების დეტალები ჯერჯერობით უცნობია. გუარდიოლა 4 წელია, რაც ინგლისურ კლუბში მუშაობს. მან სხვა ტიტულებთან ერთად 2-ჯერ ინგლისის ჩემპიონატიც მოიგო. პეპის მთავარ პრობლემად "ბაიერნში" მუშაობის მსგავსად ჩემპიონთა ლიგა რჩება, სადაც "ქალაქელები" ესპანელის ხელმძღვანელობით მეოთხედფინალს ვერ გასცდნენ.  

სხვა სტატიები