Belive

"თუ ნაკრებს დავჭირდები, ყოველთვის მასთან ერთად ვიქნები" - გურამ კაშია

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა გამართა. ჩვენი გუნდი გასვლაზე გიბრალტარის ნაკრებს დაუპირისპირდა და 1:2 დაამარცხა. ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა C დივიზიონში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და 1/2 ფინალის მასპინძლობის უფლებაც მოიპოვა.

გიბრალტარის წინააღმდეგ გამართული მატჩი ისტორიული აღმოჩნდა გურამ კაშიასათვის, რომელმაც "ჯვაროსნების" მაისური საიუბილეო მე-100 შეხვედრაში მოირგო.

მატჩის დასრულების შემდეგ, გურამ კაშიამ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და დასძინა, რომ ნაკრებში თამაში კიდევ დიდხანს სურს.

"თექვსმეტი ქულის აღება ძალიან რთულია. მძიმე თამაში გამოვიდა, რადგან მოწინააღმდეგე მხოლოდ თავს იცავდა და რთული იყო ხაზების გარღვევა, მომენტის შექმნა. მეტოქე კარგად იყო დაცვაში ორგანიზებული და მინდვრის საფარიც არ გვიწყობდა ხელს. სამწუხაროდ, მორწყვა ვერ შეძლეს და ძალიან რთული იყო ბურთს გადაადგილება. ვფიქრობ, რომ მეორე ტაიმში გაგვიჭირდა, მაგრამ მთავარია, რომ გავიმარჯვეთ და ჯგუფში პირველი ადგილი გავიმყარეთ. ამიტომ, უკეთესობისკენ მიდის ყველაფერი.

ძალიან მიხარია და ვამაყობ. 14 წელი დამჭირდა ეროვნულ ნაკრებში 100 მატჩის ჩასატარებლად. ეს გუნდი ჩემი ყველაზე საყვარელი ადგილია ფეხბურთში. მიხარია, რომ აქ ვარ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ დიდი ხანი დავრჩები. მესმის, რომ ასაკში ვარ, მაგრამ, თუ ნაკრებს დავჭირდები, ყოველთვის მასთან ერთად ვიქნები".

სხვა სტატიები