Belive

თვითმფრინავიდან ჩამოვარდნილი ერთ-ერთი ახალგაზრდა ავღანეთის U21 ნაკრების ფეხბურთელი აღმოჩნდა 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიომ ბოლო დღეების განმავლობაში ავღანეთის დედაქალაქ ქაბულიდან არაერთი შემზარავი კადრი იხილა. მას მერე, რაც, ტერორისტული დაჯგუფება "თალიბანი" ქაბულში შეიჭრა და ავღანეთის სახელმწიფოზე კონტროლი გამოაცხადა, მოქალაქეებმა ყველა შესაძლო გზით ქვეყნიდან გაქცევა განიზრახეს, ზოგიერთი მათგანის შემთხვევაში ეს წარმატებულად დასრულდა, ზოგისთვის კი ფატალური შედეგით.

ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სანახავი კადრი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან გავრცელდა, სადაც თვითმფრინავის თვლებს ჩაჭიდებული ადამიანები თავის გადარჩენას ამ ხერხით ცდილობდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბოინგი ჰაერში აიჭრა, მათ თავის შემაგრება ვერ შეძლეს და სამწუხაროდ სიცოცხლე ნაადრევად დაასრულეს. როგორც ირკვევა, მათ შორის ერთ-ერთი ახალგაზრდა ავღანეთის 21-წლამდე ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ზაკი ანვარი აღმოჩნდა. გარდაცვლილი ფეხბურთელის სხეულის ნეშთები აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მეგობრებმა აღმოაჩინეს. მოგვიანებით,19 წლის ახალგაზრდას სოციალურ ქსელში მის მიერ გამოქვეყნებული ბოლო პოსტი აღმოაჩინეს, Facebook-ში ის წერდა: "შენი ცხოვრების მხატვარი თავად ხარ და ფუნჯს სხვას ნუ გადასცემ".