Belive

BREAKING: ტოტენჰემმა ჟოზე მოურინიო გაათავისუფლა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჟოზე მოურინიო "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი აღარაა - ლონდონური კლუბი პორტუგალიელ სპეციალისტს არასახარბიელო შედეგების ფონზე დაემშვიდობა. მოურინიოსთან ერთად, გუნდს სამწვრთნელო შტაბიც ტოვებს - ჟოაუ საკრამენტუ, ნუნო სანტოსი, კარლოს ლალინი და ჯოვანი კერა. "ტოტენჰემი" ამჟამად პრემიერ ლიგაში მეშვიდე პოზიციას იკავებს და მეოთხეადგილოსან "ვესტ ჰემს" 5 ქულით ჩამორჩება. "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, 86 მატჩში, მოურინიომ მხოლოდ 44-ის მოგება შეძლო. ასევე აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში "ტოტენჰემს" 10 მარცხი მოუგროვდა, რაც ჟოზე მოურინიოს სამწვრთნელო კარიერაში პირველად მოხდა.

"ჟოზემ და მისი სამწვრთნელო შტაბმა გუნდი საკმაოდ რთულ პერიოდში ჩაიბარეს. ჟოზე ნამდვილი პროფესიონალია, რომელმაც პანდემიის დროს უდიდესი შრომა გასწია. პირადად მასთან, შესანიშნავი ურთიერთობა მაკავშირებს და სამწუხაროა, რომ ყველაფერი ისე ვერ განვითარდა, როგორც წინასწარ ვვარაუდობდით. ტოტენჰემი ყოველთვის მისი სახლი იქნება და მადლობას ვუხდით გაწეული შრომისათვის", - განაცხადა "ტოტენჰემის" ხელმძღვანელმა, დანიელ ლევიმ.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა "ტოტენჰემი" 2019 წლის ნოემბერში ჩაიბარა და გუნდი მეექვსე პოზიციაზე გაიყვანა. შეგახსენებთ, 6 დღის შემდეგ, "ტოტენჰემი" ინგლისის ლიგის თასის ფინალში "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები