Belive

ტოტენჰემმა შესაძლოა მოურინიო დაითხოვოს

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
ჟოზე მოურინიოს "ტოტენჰემის" მთვარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვენ, თუ სეზონის ბოლოს გუნდი პრემიერ ლიგის ოთხ საუკეთესო გუნდში ვერ მოხვდება და ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის უფლებას ვერ მოიპოვებს.  მას შემდეგ, რაც "ტოტენჰემი" ევროპის ლიგას დაემშვიდობა, პორტუგალიელ სპეციალისტზე ზეწოლა გაიზარდა. "ტოტენჰემმა" ორი მატჩის ჯამში ზაგრების "დინამოსთან" 3:2 წააგო. მერვედფინალური დაპირისპირების პირველი შეხვედრა "ტოტენჰემმა" შინ 2:0 მოიგო და საპასუხო მატჩის წინ კომფორტული უპირატესობაც შეიქმნა. რთული წარმოსადგენი იყო, რომ ჟოზე მოურინიოს გუნდი მეოთხედფინალში ვერ გავიდოდა, თუმცა საპასუხო შეხვედრა "ზაგრებმა" 2:0 მოიგო, შესაბამისად, დამატებითი დრო დაინიშნა, სადაც ხორვატებმა ინგლისურ კლუბს კიდევ ერთი გოლი გაუტანეს და ასპარეზობას გამოთიშეს. სავსებით შესაძლებელია, რომ "დეზებმა" პრემიერ ლიგაში ასპარეზობა საუკეთესო ოთხეულს მიღმა დაასრულონ და 2021-22 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩნენ. გარდა საუკეთესო ოთხეულში მოხვედრისა, "დეზებს" შემდეგ სეზონში ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე მოხვედრა ევროპა ლიგის მოგებითაც შეეძლოთ, თუმცა ეს ვარიანტი უკვე გამოირიცხა. Sportsmail-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, "ტოტენჰემი" მოურინიოს დაითხოვს, თუ გუნდი შემედგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ იასპარეზებს, ხოლო იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს, "დეზებმა" პრემიერ ლიგაში საუკეთესო ოთხეულში უნდა დაიმკვიდრონ ადგილი და სეზონის ბოლოსაც იქ უნდა იმყოფებოდნენ, რაც ადვილი მისია ნამდვილად არ იქნება. პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილს რომ გადავხედოთ, ვნახავთ, რომ მე-4 ადგილზე "ჩელსი" იმყოფება, რომელსაც 29 მატჩის შემდეგ 51 ქულა აქვს. მოურინიოს გუნდი "არისტოკრატებს" 6 ქულით ჩამორჩება და მე-8 პოზიციაზე იმყოფება, თუმცა მატჩით ნაკლები აქვს გამართული. იმ შემთხვევაში, თუ ჟოზე დასახულ ამოცანას ვერ გადაჭრის, მას გუნდის დატოვება მოუწევს. Daily Mail-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "დეზები" პორტუგალიელი სპეციალისტის შემცვლელად პირველ რიგში "ლაიფციგის" ახალგაზრდა მთავარ მწვრთნელს იულიან ნაგელსმანს განიხილავენ. შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიო "ტოტენჰემში" 2019 წლის ნოემბრიდან მოყოლებული მუშაობს და კლუბთან კონტრაქტი კიდევ 2,5 წელი აკავშირებს. იმ შემთხვევაში, თუ "დეზები" მოურინიოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე ადრე დაითხოვენ, პორტუგალიელი კომპენსაციის სახით 34,5 მილიონ ევროს მიიღებს.  

სხვა სტატიები