Belive

ტრაგედია არგენტინაში - ჩაშლილი მატჩი და გარდაცვლილი გულშემატკივარი

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

არგენტინის "ლიგა პროფესიონალის" 23-ე ტურის ცენტრალური მატჩი, რომელშიც "ხიმნასია ლა პლატასა" და "ბოკა ხუნიორსის" დაპირისპირება უნდა შემდგარიყო, თავიდანვე უდიდესი ინტრიგით იყო განმსჭვალული.

არგენტინელი გულშემატკივრის სიყვარული ფეხბურთისადმი უცხო არავისთვისაა და ფართო განხილვას არ საჭიროებს. რთულია არ გიყვარდეს, არ სუნთქავდე და არ ცხოვრობდე სპორტის იმ სახეობისთვის, რომელშიც სხვადასხვა დროს, ისეთმა ლეგენდებმა იასპარეზეს, როგორიცაა: დიეგო არმანდო მარადონა, ალფრედო დი სტეფანო, მარიო კემპესი, დანიელ პასარელა, გაბრიელ ბატისტუტა, ლეო მესი...

ლეგენდების ჩამოთვლა, რომელთაც არგენტინულ და მსოფლიო ფეხბურთში წარუშლელი კვალი დატოვეს უსასრულოდ შეიძლება. ამას დავუმატოთ არგენტინელთა სამხრეთული ტემპერამენტი და ხშირად საფეხბურთო მატჩი გულშემატკივრებს შორის გამართული ხელჩართული ჩხუბით, პოლიციასთან დაპირისპირებითა და ტრაგედიით სრულდება.

გამონაკლისი არც "ხიმნასია ლა პლატასა" და "ბოკა ხუნიორსს" შორის გამართული მატჩი გახდა, რომელიც მე-10 წუთზე შეწყდა.

როგორც უკვე გითხარით, მატჩი თავიდანვე უდიდესი ინტრიგით იყო განმსჭვალული და საფეხბურთო დღესასწაულზე დასწრება უამრავ გულშემატკივარს სურდა, თუმცა, სტადიონის ტევადოვა შეუზღუდავი არაა. გადაჭედილი ტრიბუნების მიუხედავად, "ხიმნასია ლა პლატას" გულშემატკივრებმა, რომელთაც მატჩზე დასასწრები ბილეთები ვერ შეიძინეს, სტადიონზე შეჭრა სცადეს.

გულშემატკივრებსა და სამართალდამცავებს შორის სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა გაიმართა. არგენტინულ მედიაში და სოციალურ ქსელებში შემზარავი კადრები ვრცელდება, რომელშიც ნათლად ჩანს, რომ შეიარაღებული სამართალდამცავები გულშემატკივრებს რეზინის ტყვიებს ესვრიან და მათ დასაშლელად ცრემლსადენ გაზს იყენებენ. ცხენზე ამხედრებული პოლიცილიები კი ბიბლიურ აპოკალიფსის მხედრებს მოგვაგონებენ, რომლებიც გარშემო ყველაფერს ანადგურებენ.

ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, შეტაკების შედეგად, "ხიმნასია ლა პლატას" 1 გულშემატკივარი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივრის ტრაგიკული სიკვდილის გამო, "ბოკა ხუნიორსმა" ოფიციალური სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულის ოჯახს უსამძიმრებს.

სხვა სტატიები