Belive

ტრაგედია, გმირობა და ჩემპიონები - მიუნხენის ტრაგედიის შესახებ

5 წლის წინ ფეხბურთი
7 წთ
6 თებერვალი, 1958 წელი, მიუნხენის აეროპორტი, შეჯახება - 15 საათსა და 04 წუთზე, საათი სამუდამოდ გაჩერდა. საათი რომელსაც "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ფეხბურთელებისა და გუნდის აღზევების დრო უნდა ეთვალა, ზამთრის სუსხიან დღეს ერთ ადგილზე მიიყინა და მის ისრებთან ერთად 23 გულისცემა გაჩერდა, მათ შორის იყო "წითელი ეშმაკების" 8 ფეხბურთელი. ცუდი ამინდის გამო, პილოტებმა რეისის გადადება გადაწყვიტეს, მაგრამ "იუნაიტედს" ინგლისში ეჩქარებოდა, მაშინდელი წესების თანახმად გუნდი ინგლისის ჩემპიონატის მატჩამდე განსაზღვრული დროით ადრე ქვეყანაში უნდა ყოფილიყო და რეისის გადადება ამ წესის დარღვევას ნიშნავდა, შედეგად მეტ ბასბის შეგირდებს "ვულვზთან" ტექნიკური წაგება ჩაეთვლებოდათ, რასაც მრისხანე მწვრთნელი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდა და გაფრენა ბრძანა, იმ დროისთვის მეტ ბასბის სიტყვას, პილოტების სიტყვაზე მეტი წონა ჰქონდა და მათაც სხვა გზა არ დარჩენოდათ. გუნდი ბელგრადიდან ბრუნდებოდა, სადაც ადგილობრივ "ცრვენა ზვეზდასთან" ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალურ მატჩში ფრედ 3:3 ითამაშეს, რაც საკმარისი აღმოჩნდა ნახევარფინალში გასასვლელად, სადაც მათ "მილანი" ელოდათ. მეტ ბასბის ბრძანებას დავუბრუნდეთ, მეოცე საუკუნის 50-იან წლებში, ავია უსაფრთხოება არ იდგა ისეთ დონეზე, როგორსაც ახლა ვართ მიჩვეულები, ამიტომაც პილოტებმა და აეროპორტის თანამშრომლებმა გაფრენის გადაწყვეტილება მიიღეს, აფრენის ორმა უშედეგო მცდელობამ ისინი ვერ შეაჩერა და მესამე ცდისთვის მოემზადნენ. თვითმფრინავი 1.2 კილომეტრიანი ასაფრენი ბილიკისკენ გაემართა, სიჩქარე აკრიფა და... და ახლომდებარე შენობას მთელი ძალით შეასკდა, თვითმფრინავმა სადაც 44 ადამიანი ისხდა, კატასტროფა განიცადა, ადგილზე მისულ სახანძრო და სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს საშინელი სურათი დახვდათ, სკამებზე მიჯაჭვული მგზავრები, სისხლისგან იცლებოდნენ, ირგვლივ მხოლოდ ქაოსი და სიკვდილი სუფევდა, ამ 44 მგზავრს შორის კი ერთი ადამიანი დარბოდა და ცეცხლწაკიდებული თვითმფრინავიდან მგზავრები გამოჰყავდა... როდესაც მეტ ბასბიმ ახალგაზრდა ფეხბურთელებისგან გუნდი შეკრა, არავინ ელოდა მათგან დიდ წარმატებებს, ბიჭებს "ბასბის ჩვილები" შეარქვეს, რადგან მათი ასაკი 21 წელს არ სცილდებოდა, ერთი გამონაკლისის გარდა, ეს იყო მეკარე ჰარი გრეგი, რომელიც ბასბის ბიჭებზე ოდნავ უფროსი იყო და გუნდში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, მისი უხეში ხასიათი კი ხანდახან კონფლიქტის მიზეზი ხდებოდა, ჰარი გრეგი ყველას არ უყვარდა. არც ჰარი გამოირჩეოდა დიდი სიყვარულით სხვების მიმართ, თუმცა იგი გუნდის ნამდვილი ლიდერი იყო, ერთი შეხედვით ეგოისტი, ასაკით უფროსი და ყველას ზევიდან უყურებდა, თუმცა სწორედ ასეთ ადამიანებში იღვიძებს გმირი, ყველაზე რთულ მომენტებში. სისხლიან სხეულებს შორის მორბენალ ჰარის არც ერთი წამით უფიქრია თვითმფრინავის მიტოვება, იგი ალმოკიდებულ თვითმფრინავში უამრავჯერ დაბრუნდა და იქიდან არაერთი ადამიანი გამოიყვანა, ჰარი გრეგმა შეძლო ის, რის გამოც გვიყვარს კაცობრიობა და ფეხბურთი, მან სიკვდილს გამოსტაცა სერ ბობი ჩარლტონი და სხვა მგზავრები, მან ფეხბურთს მომავალი და საგმირო ისტორია დაუტოვა. ავბედით დღეს 23 ადამიანი შეეწირა, მათ შორის იყო 8 ფეხბურთელი: როჯერ ბირნი ჯეფრი ბენტი ედი კოულმენი მარკ ჯონსი დევიდ პეგი, ტომი ტეილორი ლაიამ ბილი უელანი ტრაგედიიდან ორიოდ კვირაში კი, 21 თებერვალს სიცოცხლეს დანკან ედვარდსიც გამოემშვიდობა, რომლის ორგანიზმმაც მიღებულ ტრავმებს ვერ გაუძლო. "რუნის დარტყმა, ბექჰემის პასი, სქოულზის ხედვა და გიგზის სისწრაფე, ასეთი არაფერი მინახავს, დანკან ედვარდსში ეს ყველაფერი ერთად იყო" - ეს სიტყვები სერ ბობი ჩარლტონმა 21 წლის დანკან ედვარდსის სიკვდილიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ თქვა. სერ ბობი ჩარლტონი "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა, საპატიო პრეზიდენტი და რეკორდსმენია, იგი ტრაგედიას ჰარი გრეგის წყალობით გადაურჩა და ფეხბურთს თავი დაანება, რადგან მას აღარ შეეძლო თავისი მეგობრების გარეშე თამაში, მთავარი მწვრთნელი სერ მეტ ბასბი კი 6 თვე საავადმყოფოში იწვა. 6 თვის მერე საავადმყოფოდან გამოწერილი სერ მეტ ბასბი, ბობი ჩარლტონის სახლისკენ გაეშურა, რომელსაც თვეების განმავლობაში არწმუნებდა რომ ფეხბურთში უნდა დაბრუნებულიყო რასაც ბობი სასტიკად ეწინააღმდეგებოდა, თუმცა რას გახდებოდა სერ მეტ ბასბის გამოხედვის წინაშე? ერთხელაც, სავარჯიშო მოედნიდან რამდენიმე მეტრში, ყავისფერ კოსტუმში გამოწყობილი, ყავარჯნიანი ადამიანის სილუეტი გამოჩნდა, იგი ნელ-ნელა, კოჭლობით უახლოვდებოდა "მანჩესტერელთა" მწვანედ აბიბინებულ მოედანს და მის მოახლოებასთან ერთად უფრო და უფრო იკვეთებოდა ალისფრად აელვარებული, მრისხანე თვალები. "ბიჭებო დახედეთ ჩვენს ემბლემას, ეს ფენიქსია, რომელიც მკვდრეთით აღსდგა" - შეუძახა საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ პირველ ვარჯიშზე ყავარჯნებით მისულმა, თვალებში ცეცხლანთებულმა სერ მეტ ბასბიმ ბიჭებს, რომელთა ზურგსუკან ქერათმიანი, 9 ნომრიანი მაისურით გამოწკეპილი, ახალგაზრდა მოწყენილი ინგლისელი იდგა, რომელსაც იმ მომენტში ფეხბურთი ყველაზე მეტად ეზიზღებოდა. ეს ბიჭი მართლაც რომ მკვდრეთით აღსდგა, ორმაგი ძალებით და მოტივაციით შეუდგა ფეხბურთის თამაშს, 1966 წელს ინგლისთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, 2 წლის შემდეგ კი, მიუნხენის ტრაგედიის 10 წლის თავზე, სერ მეტ ბასბის თავკაცობით, მან თვით სერ ბობი ჩარლტონმა, ჯორჯ ბესტის გოლების დახმარებით და თავისი გოლის წყალობით, ჩემპიონთა თასის ფინალში "ბენფიკა" 4:1 დაამარცხა. "ეს რა თქმა უნდა მათ ეძღვნებათ, ჩემს ბიჭებს" - იძახდა გამარჯვების შემდეგ აგონიაში მყოფი სერ მეტ ბასბი რომელიც ასევე სერს, ბობი ჩარლტონს ეხუტებოდა და ტიროდა, ამბობენ ამ მომენტში მეტ ბასბის თვალებში ცეცხლი ენთო, ხო არ დაგავიწყდათ, ამ წუთამდე 10 წლით ადრე, როგორი ცეცხლი ენთო ბასბის თვალებში, როდესაც ბიჭებს ფენიქსის მკვდრეთით აღდგენაზე ესაუბრებოდა? ამ თემაზე მეტს აღარ გავაგრძელებთ, ამ ტრაგედიის ისტორიას ერთი წინადადებით დავასრულებთ, ხვალ 6 თებერვლის მემორიალთან, ყავარჯნებით ერთი ჭაღარა კაცი მივა, თვალებს დახუჭავს, თვალწინ წარმოუდგება ის წლები, როდესაც გუნდში მივიდა, შემდეგ გაიხსენებს თამაშებს, გაიხსენებს ბელგრადს, მიუნხენს, უფრო მაგრად მოხუჭავს თვალებს, გაიხსენებს ცეცხლს, სისხლიან ტანსაცმელს, სისხლიან სახეებს, გაიხსენებს თუ როგორ დარბოდა ბიჭების გადასარჩენად, ხვალ მემორიალთან 86 წლის ჰარი გრეგი მივა.

სხვა სტატიები