ტრავმის გამო რეალს ბენზემაც გამოაკლდა

კიდევ ერთი ტრავმირებული – ამჯერად მადრიდის “რეალს” ქარიმ ბენზემაც გამოაკლდა, რომელიც ლალიგის 24-ე ტურში “ვალიადოლიდთან” გასამართ შეხვედრას გამოტოვებს. ასევე კითხვის ნიშნის ქვეშაა მისი თამაში ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში “ატალანტას” წინააღმდეგ.

“სამეფო კლუბში” ნამდვილი ტრავმების ეპიდემიაა, “ვალიადოლიდთან” გასამართი შეხვედრის წინ “რეალს” ქარიმ ბენზემაც გამოაკლდა, რომელსაც საზარდულის ტრავმა აქვს და დისკომფორტს განიცდის. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი გაუცდება ფრანგ ფორვარდს და შეძლებს თუ არა “ატალანტას” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში მონაწილეობის მიღებას.

ზინედინ ზიდანმა დაადასტურა, რომ ბენზემა “ვალიადოლიდთან” მატჩს გამოტოვებს.

” ქარიმი “ვალიადოლიდთან” გასამართ შეხვედრაში დაგვაკლდება, მას ტრავმა აწუხებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი გაუცდება და შეძლებს თუ არა “ატალანტას წინააღმდეგ თამაშს. ჩვენთვის ის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ვნახოთ, როგორი იქნება მისი მდგომარეობა მომდევნო დღეებში, მერე გადავწყვეტთ, ითამაშებს თუ არა. ვიმედოვნებთ, რომ ჩემპიონთა ლიგისთვის ქარიმი მზად იქნება”.

მადრიდის “რეალისთვის” ქარიმ ბენზემას გამოკლება მოახლებული ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩის წინ ნამდვილად დიდი დანაკლისია, რადგან გუნდს ტრავმების გამო ასევე ვერ ეხმარებიან სერხიო რამოსი, დანი კარვახალი, ფედერიკო ვალვერდე, როდრიგო, მარსელო, ედენ აზარი, ალვარო ოდრიოსოლა და ედერ მილიტაო.

33 წლის ფრანგმა ფორვარდმა ლალიგის მიმდინარე სეზონში 21 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 12 გოლის გატანა შეძლო. რაც შეეხება “რეალს”, გუნდს 23 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 49 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-2 პოზიციას იკავებს.

შეგახსენებთ, რომ “ატალანტასა” და “რეალის” შეხვედრა 24 თებერვალს თბილისის დროით 23:59 წუთზე გაიმართება.

 

 

 

 

 

ტრავმის გამო რეალს ბენზემაც გამოაკლდა

სტატიის ავტორი
-