Belive

ცივი, წვიმიანი დღე საჩხერეში და დინამო თბილისის საჩემპიონო სამი ქულა

4 წლის წინ ფეხბურთი
9 წთ
საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში, ჯერ მხოლოდ 28 ტური მიილია და წინ კიდევ 8 სათამაშო დღეა, ამიტომ საჩემპიონო ქულებზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ისეთ მატჩებს, როგორიც გუშინ დინამო თბილისმა მოიგო სწორედაც რომ საჩემპიონო გამარჯვებებს უწოდებენ. რატომ? - ამ კითხვაზე პასუხს ბლოგში გაგცემთ. დავიწყოთ ანალოგიებით: საფეხბურთო სამყაროში ხშირია შემთხვევები, როდესაც ორი გუნდი საჩემპიონო ბრძოლაში აიწონა-დაიწონას თამაშობენ, ხან ერთია პირველზე, ხან მეორე, ხან ერთი და ხან ისევ მეორე. ამ ორ გუნდს კი ზურგში მესამეადგილოსანის სუნთქვა ესმით და თუ ორივეს ფეხი დაუცდა, მესამე მზადაა მათი ადგილი დაიკავოს. ასე იყო გასულ სეზონში ინგლისში, სადაც სიტი და ლივერპული მიჯრით ყველას ამარცხებდნენ და პირველზე ის გუნდი იყო რომელსაც იმ მომენტისთვის მეტი თამაში ჰქონდა, მესამეზე კი ჩელსი იყო განთავსებული, რომელიც ამ სასტიკ ბრძოლას სეზონის შუაწელში ჩამორჩა, ვეღარ გაუძლო. ასეა წელს საქართველოს ჩემპიონატშიც, ბოლო სამი თვეა დინამო თბილისი და ბათუმის დინამო ერთმანეთის მიყოლებით მატჩებს იგებენ და პირველ-მეორე ადგილს ცვლიან, მესამეზე მყოფი საბურთალო კი სწორედაც რომ 28-ე ტურში გატყდა, საბურთალოელებს დარჩენილ ტურებში ძალიან უნდა გაუმართლოთ, საჩემპიონო შანსი რომ დაიბრუნონ. გავაგრძელოთ პარალელებით: იმავე საფეხბურთო სამყაროში, სახელდობრ პრემიერლიგაში, არსებობს თამაშები, რომლის პირველ ტაიმშიც ვხვდებით, რომ ამ მატჩის მოგება მხოლოდ ჩემპიონობის მაძიებელ გუნდს შეუძლია, ასეთია გასვლითი მატჩები სტოკში, როდესაც წვიმს, ცრის, თოვს ან რამე საშინელება ხდება, ასეთია გასვლა უოტფორდში, ევერტონში, როდესაც გაშმაგებული ბრიტანელი ფეხბურთელები პირდაპირ ფეხებზე და 0:0-ზე ნადირობენ, როდესაც მათი მთავარი ინტერესია პოტენციურ ჩემპიონს ხელი შეუშალონ ნებისმიერი გზით, ასეთი მატჩები ხშირად სწორედაც რომ 0:0 მთავრდება, ხანდახან კი უბრალოდ კლასი იმარჯვებს და ჩემპიონობის მაძიებელი ბოლო წუთებზე მაინც ტეხავს მეტოქეს. რამდენჯერ გინახავთ მსგავსი სცენარი სიტის, მანჩესტერის ან ჩელსის შესრულებით თუნდაც სტოკში, როდესაც სტოკელები გაშლილი ფეხებით დაფრინავდნენ მეტოქეთა გასანდგურებლად, დროს ჭიმავდნენ ყველა მომენტში და 0:0-სთვის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას აჩაღებდნენ. ასეთი მატჩების მოგებით კი გრანდები ფსიქოლოგიურ მდგომარეობას იუმჯობესებდნენ და მომდევნო მატჩებს ერთი ამოსუნთქვით იგებდნენ, რაც საბოლოოდ ჩემპიონობისთვის დიდ გადადგმულ ნაბიჯს ნიშნავდა. ასე იყო გუშინაც, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ თბილისიდან წასულებს გზაში ნელ-ნელა ისე გვცივდებოდა, მივხვდით რომ საჩხერემდე ასეთი პროგრესია რომ გაგრძელებულიყო გავიყინებოდით, ასეც მოხდა. ჩვენთან ერთად ოთარ გაბელიაც იმყოფებოდა, რომელიც ნახევარი გზა საჩხერეში რეკავდა, რათა წინასწარ დაებევა ქოლგა, და წვიმის საწინააღმდეგო სხვა ატრიბუტები, თამაში ისეთი დაძაბული და დრამატული აღმოჩნდა, ვეღარ შევამჩნიეთ შეძლო თუ არა დინამოს ლეგენდარულმა მეკარემ ეს. ივანწმინდის ცენტრალურ სტადიონზე მისულებს, თვალში პირველი მინდორი მოგვხვდა, რომელიც უფრო ყავისფერი იყო ვიდრე მწვანე, ალაგ-ალაგ ამოთხრილი და ფაქტიურად სათამაშოდ გაუმზადებელი, თითქმის შეუძლებელი იყო ნორმალური პასის გატარება, რაც თამაშის მიმდინარეობას და დინამოს საკმაოდ ტექნიკურ ფეხბურთელებს დაეტყოთ კიდეც. თბილისელებს აუცილებელი გამარჯვება სჭირდებოდათ, მთავარმა მეტოქემ წინა დღეს იმარჯვა და თბილისელებს 4 ქულით გაუსწრო, თუმცა დედაქალაქელებს 2 მატჩით ნაკლები ჰქონდათ, ორივეს გამარჯვების შემთხვევაში კი პირველზე გადავიდოდნენ. ამას მშვენივრად აცნობიერებდნენ ფეხბურთელებიც და რა თქმა უნდა მწვრთნელებიც, რომლებმაც ამ ბოლო დროს დინამოს წარმატების გასაღები იპოვეს და გუნდს გამართულ, ლამაზ ფეხბურთს ათამაშებენ, ხშირად ტოვებენ მინდორს გოლგაუშვებლად და აგერ ბოლო 4 თვეში ჩემპიონატში მხოლოდ 1 ფრე ითამაშეს, დანარჩენი კი ყველა მოიგეს. აღსანიშნავია რომ ჩიხურასთან გასამართი მატჩის წინ, თბილისელებმა სახელოვანი ლევან მჭედლიძე დაიმატეს, რამაც აშკარად დადებითად იმოქმედა გუნდზე, განსაკუთრებით კი ცენტრფორვარდ კარიკარიზე, რომელმაც კონკურენციის მოახლოება იგრძნო და მშვენიერი მატჩი ჩაატარა, იყო სახიფათო შეტევებში და აქტირუად ეხმარებოდა დაცვას. მატჩი მძიმედ დაიწყო, დინამოელებს ცენტრალურ მცველად ამპლუით მარცხენა მცველი უკრაინელი კაპლიენკო ეყენათ, რაც თავიდან პრობლემად მიგვაჩნდა, თუმცა კაპლიენკომ მოლოდინი გაგვიქარწყლა და მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდა. საწყის წუთებში "ჩიხურამ" დინამო თბილისი საკუთარ საჯარიმოს მიაჯაჭვა და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა, გოლის გატანის ასპროცენტიანი შანსი ჰქონდა საჩხერელთა 10 ნომერს ირაკლი ლექვთაძეს, თუმცა ამ უკანასკნელს მეკარემ აჯობა. თითქმის მთელი 45 წუთი უპირატესობას "ჩიხურა" ფლობდა, თუმცა თბილისელებმა სამჯერ კონტრ-შეტევაზე დაიჭირეს მეტოქე, აქედან ერთხელ "ჩიხურა" მეკარემ, ორჯერ კი ფორტუნამ გადაარჩნია. პირველ ეპიზოდში კუტალიას თავური ყველას და ყველაფერს გადააფრინდა, თუმცა მის შემაკავებლად ძელი მოგვევლინა, მეორე მომენტში კარიკარისა და ჩიხურელთა მცველების დუელი იმით დასრულდა, რომ საჩხერელებმა ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანეს, მესამე ეპიზოდში კი ერთი-ერთზე გასულმა კარიკარიმ დინო ჰამზიჩს ვერ აჯობა, ბოსნიელმა მეკარემ უძლიერესი დარტყმა მოიგერია. პირველი ტაიმის მიწურულს კი ჩიხურელთა სახიფათო დარტყმული დინამოს ესპანელმა მცველმა, ვიქტორ მონგილმა ცარიელი კარიდან გამოიტანა. მეორე ტაიმში მინდორი უარეს მდგომარეობაში იყო, თუმცა დინამოელებმა თამაშის დალაგება და გამოსწორება შეძლეს, მათ ყოველ წუთს, ყოველი შეტევის ორგანიზებისას ახსოვდათ, რომ ბათუმის "დინამოს" მოგებული ჰქონდა და "ჩიხურასთან" ვერ მოგება შეიძლება ჩემპიონობის დაკარგვის ტოლფასი ყოფილიყო, თუმცა მიუხედავად ამ წნეხისა, უნდა აღინიშნოს რომ დინამო არ ჩქარობდა, არ თამაშობდა არეულად და იცოდა, რომ თუ მშვიდად, ორგანიზებულად გააგრძელებდა შეტევას, გოლი აუცილებლად მოვიდოდა, მითუმეტეს როდესაც გუნდში ისეთი შემსრულებლები გყავს, როგორებიც კუტალია, შულაია და ნინუა არიან. მეორე ტაიმი მეტ-ნაკლებად თანაბარი შანსებით გამოირჩა, გუნდებმა ერთმანეთის საჯარიმოში რამდენიმე მომენტი გაცვალეს, ყველაფერი კი დასკვნით 10 წუთში გადაწყდა. 81-ე წუთზე დინამოელთა მწვრთნელმა მოედანზე კარიკარის ნაცვლად კუხიანიძე შემოუშვა, კუტალია ცენტრფორვარდის პოზიციაზე გადავიდა, ხოლო მისი პოზიცია სადაც 80 წუთი გაატარა კუხიანიძემ აითვისა, საკმაოდ კარგადაც. კუხიანიძე საკმაოდ აქტიურად ჩაერთო თამაშში და თავიდანვე ჭკვიანური გადაცემებით ბურთის ფლანგიდან ფლანგზე გადატანა და შეტევების ორგანიზება დაიწყო, რამაც შედეგი რამდენიმე წუთში გამოიღო და კუტალიას წინააღმდეგ უხეში თამაშისთვის საჩხერელები თერთმეტმეტრიანით დაისაჯნენ, "დაზარალებულმა" პენალტი გამოიყენა და დინამოს ურთულეს პირობებში, თითქოს უკვე ვერმოგებული მატჩის მოგებაში დაეხმარა, რამდენიმე წუთში კი კუტალიამ მეორეც შეაგდო და გარდა იმისა რომ გუნდი საჩემპიონოდ იბრძვის, კუტალია 17 გოლით ბომბარდირთა დავას ლიდერობს. დინამო თბილისის ფეხბურთელები მატჩის შემდეგ აღნიშნავდნენ რომ უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგეს და ახლა მხოლოდ შემდეგ მატჩზე ფიქრობენ, რომელიც 28 სექტემბერს ბოლნისის "სიონის" წინააღმდეგ უნდა ჩაატარონ. ამ ამბავში ყველაზე სასიხარულო ის არის, რომ მწვრთნელმა შეძლო ფეხბურთელების ფსიქოლოგიის ჩამოყალიბება, შეძლო ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ყოველთვის აკლია არამარტო ქართულ ფეხბურთს, არამედ ქართულ სპორტს, ფიქრი კონკრეტულ დღესა და მატჩზე და თითოეულ თამაშზე გასვლა ისე, თითქოს ის ფინალია, სწორედ ამიტომ ბათუმის დინამოსთან მატჩამდე, რომელიც 6 ოქტომბერს გაიმართება თბილისელებს კიდევ ორი ფინალი აქვთ, "სიონთან" და "საბურთალოსთან". უკანა გზაზე ყველა გახარებული იყო, ერთადერთი რაც თავში ტრიალებდა, 28 სექტემბერია, როდესაც თბილისელები "სიონს" დაუხვდებიან, და ურთულესი მატჩის შემდეგ, ფსიქოლოგიურად მყარად მომზადებულები ეცდებიან, მიჯრით რამდენიმე მატჩი მოიგონ, ეს ხომ ყოველთვის ასე ხდება, ინგლისშიც, პორტუგალიაშიც, დანიაშიც და საქართველოშიც, სირთულეში ერთად გამოცდილები წარმატებას უფრო მარტივად აღწევენ, დინამო საჩემპიონო რელსებზეა შემდგარი და ამ გუნდის შეთამაშებასთან და მომზადებასთან გამკვლავება ძალიან რთული იქნება. დინამოელთა წისქვილზე წყალს მისი ისტორიაც ასხამს, დიდებული კლუბის არანაკლებ დიდებული წლები უკანა გზაზე ოთარ გაბელიამ გაგვახსენა და არაერთი საინტერესო ისტორია მოგვიყვა.

ლუკა გვაზავა

სხვა სტატიები