Belive

ტუხელი: "ფინალში ჩელსის გასვლაში ლამპარდს დიდი წვლილი მიუძღვის"

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ლონდონის "ჩელსიში" მთავარ მწვრთნელად თომას ტუხელის დანიშვნამ მოლოდინები სრულად გაამართლა: გერმანელმა თავკაცმა გუნდი ჩემპიონთა ლიგისა და FA თასის ფინალში გაიყვანა. აღნიშნულ მიღწევებზე საუბრისას, ტუხელმა თავმდაბლობა გამოიჩინა და ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ფრენკ ლამპარდის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
"ფინალში გასასვლელად, წარმატებით ასპარეზობა ჯერ ჯგუფურ ეტაპზეა საჭირო. ფრენკმა ჯგუფურ ეტაპზე გუნდი ჩინებულად ათამაშა და FA თასზეც არაერთ გამარჯვებას მოუყარა თავი. მის მიერ გაწეული სამუშაო იყო ფუნდამენტი, რომელზეც ჩვენ პროგრესი გავაგრძელეთ და ფინალში გავედით, ეს კი არ უნდა დავივიწყოთ. ფეხბურთელის რანგში, ლამპარდმა გუნდის ისტორია შექმნა. მას ძალიან სურდა, რომ გუნდს წარმატებისთვის მწვრთნელის რანგშიც დახმარებოდა. ჩვენ სრულად გავიაზრეთ, რომ მან სეზონის პირველი ტაიმი ჩაატარა და მისი დაწყებული საქმე მეორე ტაიმში უნდა დაგვემთავრებინა", - განაცხადა ტუხელმა.
47 წლის ტუხელს შესანიშნავი სამწვრთნელო კარიერა აქვს: მისდამი ინტერესი "მაინცში" მუშაობისას გაჩნდა, სადაც მან თავი ენერგიული, შემტევითი სტილის ფეხბურთით გამოიჩინა. ასევე, ტუხელი ცნობილი იყო, როგორც მწვრთნელი, რომელიც ახალგაზრდებს თავის გამოჩენის საშუალებას აძლევდა. 2014 წელს, მან გუნდი ფინანსური პრობლემების გამო დატოვა და დორტმუნდის "ბორუსია" ჩაიბარა, სადაც გერმანიის თასის მოგება შეძლო. 2018 წელს, ტუხელს ახალი გამოწვევა ელოდა: გერმანელმა ვარსვლავებით სავსე "პარი სენ-ჟერმენი" ჩაიბარა და ერთ სეზონში 4 ტიტულის მოგება შეძლო. პარალელურად, მან გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა, სადაც "ბაიერნთან" მარცხი არ აპატიეს. წინ ტუხელს უმთავრესი გამოცდა ელოდება: მან ფრენ ლამპარდის დაწყებული საქმე უნდა დაამთავროს და რაც მთავარია, ზედიზედ მეორე ფინალში მარცხი არ უნდა განიცადოს.

სხვა სტატიები