Belive

ტუხელი: "სულშერის მანჩესტერ იუნაიტედთან კარიერაში ყველაზე მძიმე მარცხი განვიცადე"

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
კვირას, 28 თებერვალს, პრემიერ ლიგის 26-ე ტურში ლონდონის "ჩელსი" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლებს. კვირას გასამართი მატჩის წინ "ლურჯების" მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა კარიერაში ყველაზე მძიმე მარცხი გაიხსენა. "მანჩესტერ იუნაიტედთან" გასამართი მატჩის წინ ტომას ტუხელმა 2018-19 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონის მერვედფინალური დაპირისპირების საპასუხო შეხვედრა გაიხსენა, სადაც მისი "პარი სენ ჟერმენი" ოლე გუნარ სულშერის "მანჩესტერ იუნაიტედთან" საკუთარ მოედანზე 1:3 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა. ტუხელმა აღნიშნული შეხვედრა მის სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მძიმე მარცხად დაასახელა. 2018-19 წლების ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ დაპირისპირებაში ტუხელის "პარი სენ ჟერმენმა" პირველი შეხვედრა სტუმრად 0:2 მოიგო, საპასუხო შეხვედრის წინ კომფორტული უპირატესობა შეიქმნა და ბევრის აზრით მეოთხედფინალში გასვლაც გაინაღდა, თუმცა საპასუხო შეხვედრაში სულშერის "წითელმა ეშმაკებმა" დიდი მოულოდნელობა შემოგვთავაზეს: შესუსტებული შემადგენლობით საფრანგეთში 1:3 მოიგეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. შეხვედრაში გადამწყვეტი გოლი მარკუს რაშფორდმა მატჩის 94-ე წუთზე გაიტანა. "მანჩესტერ იუნაიტედთან" გასამართი შეხვედრის წინ ტუხელმა განაცხადა:
" შემიძლია გულახდილად გითხრათ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ იუნაიტედთან" წაგებული მატჩის შემდეგ ორი დღის განმავლობაში აბსოლუტურ სიბნელეში ვიმყოფებოდი, არავისთან საუბარი არ შემეძლო, გარდა წაგებული მატჩისა სხვა ვერაფერზე ვერ ვფიქრობდი". "ჩემთვის ეს იყო ყველაზე მძიმე მარცხი, რადგან წაგებას არაფერი მოასწავებდა. წაგებული შეხვედრის შემდეგ ორი დღე ყველაზე ბნელ ადგილას გავატარე, სადაც კი მწვრთნელი შეიძლება აღმოჩნდეს ".
ტუხელმა "იუნაიტედთან" კვირას გასამართ შეხვედრაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ ორი თამაშის შედარება შეუძლებელია.
"ჩემპიონთა ლიგაზე წაგებული შეხვედრის და კვირას გასამართი მატჩის შედარება შეუძლებელია. მე უკვე გითხარით, თუ როგორ ვგრძნობდი თავს ჩემპიონთა ლიგაზე მარცხის შემდგომ. ყველამ ვიცით, რომ წაგება რთული გადასატანია". "თუმცა ახლა მე ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ვარ, ჩვენ გვიყვარს შეჯიბრი, გვიყვარს გამარჯვება. სწორედ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ კვირას გასამართ შეხვედრაში "იუნაიტედთან".
პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში "იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" 25-25 შეხვედრა ჩაატარეს. ტუხელის გუნდი საუტრნირო ცხრილში 43 ქულით მე-5 პოზიციაზე იმყოფება და მე-2 ადგილზე მყოფ "იუნაიტედს", რომელსაც 49 ქულა აქვს, 6 ქულით ჩამორჩება.        

სხვა სტატიები