Belive

ტუხელი: "ვერნერის უკეთ ათამაშება ჩემი მოვალეობაა"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ლონდონის "ჩელსის" გერმანელმა მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა ტიმო ვერნერის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ახალგაზრდა შემტევი აუცილებლად ათამაშდება უკეთ. "არისტოკრატებმა" ტიმო ვერნერი "ლაიფციგიდან" 47,5 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ დაიმატეს. ახალგაზრდა შემტევზე გუნდი დიდ იმედებს ამყარებს, თუმცა ჯერჯერობით მოლოდინები არ მართლდება და ვერნერი ვერ ახერხებს იმ ფეხბურთის ჩვენებას, რასაც მისაგნ მოელიან. პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ტიმომ 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ 4 გოლის გატანა შეძლო, რაც მისი დონის შემტევისთვის ნამდვილად არაა კარგი შედეგი. მას შემდეგ, რაც "ლურჯებმა" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ფრენკ ლამპარდი გაათავისუფლეს, გუნდს სათავეში გერმანელი სპეციალისტი ჩაუდგა. შესაძლოა, ტუხელის ფაქტორმა დადებითი გავლენა იქონიოს ვერნერზე და თანამემამულის ხელში ახალგაზრდა შემტევი უკეთ ათამაშდეს. ტუხელის პირველი მატჩი "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე 27 იანვარს, პრემიერ ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში "ვულვზის" წინააღმდეგ შედგა. შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა, გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშუნულ შეხვედრაში ტიმო სათადარიგოთა სკამზე დატოვა. ტუხელმა 24 წლის შემტევზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მალე ფეხბურთელი უკეთ ათამაშდება.
 "ტიმოს ახლა რთული პერიოდი უდგას, ის საკუთარი თავით უკმაყოფილოა და არ მოსწონს მოვლენების ბოლოდროინდელი განვითარება, ის ზედმეტად ნერვიულობს, მაგრამ ეს გასაგებია, რადგან ტიმო პასუხისმგებლობას გრძნობს, რაც მის ხასიათზე დადებითად მეტყველებს". " მნიშვნელოვანია, რომ მან საკუთარი თავის რწმენა დაიბრუნოს და ზედმეტ ნერვიულობას მოეშვას, ამაში დახმარება კი ჩემი საქმეა. ტიმო მრავალმხრივი მოთამაშეა, ამიტომ მნიშვნელოვანია მისთვის ისეთი პოზიციის შერჩევა, რომელზეც მისი ძლიერი მხარეების უკეთ გამოყენება იქნება შესაძლებელი". " მისი სათამაშო სტილიდან გამომდინარე ვიტყოდი, რომ ტიმოს ურჩევნია სივრცე ჰქონდეს. ეს ლოგიკურიცაა, რადგან ის ძალიან სწრაფია და მაღლა თამაში უყვარს. ჩევნ შეგვიძლია განვავითაროთ მისი მოძრაობები და ფორმა, ამის გაკეთება ჩემი საქმეა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ უკეთ ათამაშდება, რადგან ის გახსნილი და მეგობრული პიროვნებაა და სწავლა სურს",- განაცხადა ტუხელმა.

სხვა სტატიები