Belive

UEFA-მ ტურინის იუვენტუსის წინაღმდეგ გამოძიება დაიწყო

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

მაშინ, როცა სრულიად მსოფლიოს საფეხბურთო სამყაროს მთავარი ყურადღების ეპიცენტრი, კატარის დედაქალაქი დოჰა და იქ მიმდინარე მუნდიალია, იტალიური გრანდის, ტურინის "იუვენტუსის" გარშემო მოვლენები მყისიერად, უფრო და უფრო უარყოფითად ვითარდება.

რამდენიმე დღის წინ, კლუბის პრეზიდენტის თანამდებობიდან 12-წლიანი მმართველობის შემდეგ, ანდრეა ანიელი გადადგა, რასაც აღმასრულებელ დირექტორთა გუნდის სხვა წევრების მიერ დაკავებული პოზიციების დატოვებაც მოჰყვა.

მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ანდრეა ანიელის მიმართ იტალიის პოლიცია გამოძიებას აწარმოებს და პროკურატურას მისი დაკავების ორდენიც გაცემული აქვს.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, უახლესი ცნობებით, საფრთხე თავად კლუბსაც ეხება, "ბიანკონერის" წინააღდეგ გამოძიება მათი შესაძლო დარღვევების საფუძველზე ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამაც დაიწყო.

უფრო კონკრეტულად, UEFA გამოიძიებს "იუვენტუსის" მიერ ფინანსური სამართლიანი თამაშის წესების და საკლუბო ლიცენზირების პოტენციურ დარღვევას. ორგანიზაციის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, კლუბების ფინანსური კონტროლის საგამოძიებო პალატა (CFCB) განიხილავს შესაძლო ფინანსურ თაღლითობებს.

აღსანიშნავია, რომ ტურინის პროკურატურამ სატრანსფერო ბაზარზე "იუვენტუსის" ქმედებებზე გამოძიება უკვე დაიწყო.

ტურინის იუვენტუსი იტალიის სერია A-ში ჩატარებული 15 ტურის შემდეგ 31 ქულით მესამე ადგილს იკავებს. საერთაშორისო დონეზე კი ევროპა ლიგის 1/16-ფინალში გამოდის და “ნანტს” დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები