Belive

UEFA-ს ერთა ლიგა: ინგლისი - ესპანეთი (პრევიუ)

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
UEFA-ს ერთა ლიგის, A-დივიზიონის A4-ჯგუფის ცენტრალურ დაპირისპირებაში, ინგლისი - ესპანეთს უმასპინძლებს. "უემბლიზე" 8 სექტემბერს გასამართი მატჩი უაღრესად დიდ ინტერესს იწვევს. ერთა ლიგის კენჭისყრის შემდეგ, A4-ჯგუფის უპირობო ფავორიტად ესპანეთის ნაკრები ითვლებოდა. სპეციალისტთა უმრავლესობამ ინგლისი და ხორვატია ჩამოწერა. თუმცა ინგლისმა და ხორვატიამ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრწყინვალედ იასპარეზეს და ერთმანეთს მუნდიალის ნახევარფინალში დაუპირისპირდნენ. საპირისპიროდ, ესპანეთის ნაკრებმა, მსოფლიო ჩემპიონატზე თავის დამახსოვრება ცუდი თამაშით შეძლო. შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებულმა ასპარეზობამ ინგლისის ნაკრებს რწმენა აუმაღლა, მაგრამ გარეთ საუთგეიტი მარწუხებში მოაქცია. მოგებებით გათამამებულ ინგლისელ გულშემატკივარს, საუთგეიტმა მორიგი წარმატებული სერია უნდა შესთავაზოს. მარცხის შემთხვევაში, საუთგეიტს პასუხს უფრო მკაცრად მოსთხოვენ. არანაკლები გარჯა ელის ესპანეთის ნაკრების თავკაცს, ლუის ენრიკეს. მუნდიალის ჩაგდების შემდეგ, "ფურია როჰამ", რეპუტაცია ძლიერი ოპონენტების წინააღმდეგ კარგი თამაშით უნდა აღიდგინოს. ესპანელთა მთავარი მწვრთნელის რანგში, ლუის ენრიკე პირველ ოფიციალურ შეხვედრას მართავს, რაც დაპირისპირებას დამატებით ინტრიგას სძენს. ესპანელი სპეციალისტი ახალი გუნდის მშენებლობას შეუდგა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ენრიკემ "ფურია როჰას" შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელა. მიუხედავად იმისა რომ ურთიერთშეხვედრებში ინგლისელები უკეთ გამოიყურებიან, (13 მოგება, 9 მარცხი) უნდა აღინიშნოს, რომ ორ ნაკრებს შორის გამართული უკანასკნელი 6 დაპირისპირებიდან - 4 ესპანელთა გამარჯვებით დასრულდა. 1996 წელს, ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ სტადიაზე, ინგლისმა - ესპანეთი პენალტების სერიაში დაამარცხა. მას შემდეგ, ორ ნაკრებს შორის მხოლოდ ამხანაგური მატჩები იმართებოდა და 22 წლიანი პაუზის შემდეგ, ევროპული ფეხბურთის ფლაგმანები, ერთმანეთს პირველ ოფიციალურ შეხვედრაში დაუპირისპირდებიან. 8 სეტემბერს, "უემბლიზე" გასამართ მატჩს, ორივე ნაკრები ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება. ინგლისისა და ესპანეთის ნაკრებების ქართველ გულშემატკივრებს შევახსენებთ, რომ შეხვედრა თბილისის დროით, 22:45 საათზე დაიწყება.  

სხვა სტატიები