Belive

UEFA-ს ერთა ლიგა: ყველაფერი ტურნირის შესახებ

5 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
ერთა ლიგაში, UEFA-ს წევრი 55 ქვეყნის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. ტურნირის ძირითად მიზანს საერთაშორისო ამხანაგური მატჩების ჩანაცვლება წარმოადგენს. UEFA-ს ერთა ლიგის ეგიდით გასამართი მატჩები, სტარტს 6 სექტემბერს აიღებს. ჯგუფური ეტაპის შეხვედრები, ოქტომბრისა და ნოემბრის ჩათვლით გაიმართება, ფინალური შეხვედრები კი 2019 წლის ივნისში შედგება. 55 ევროპული ნაკრები, FIFA/Coca-Cola-ს რეიტინგის მიხედვით, ოთხ ლიგაში (A,B,C,D) გადანაწილდა. თითოეული ლიგის ქვეჯგუფები 3 და 4 ნაკრებისგან დაკომპლექტდა. ქართველ გულშემატკივრებს შევახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები, D-ლიგის პირველ ჯგუფში იასპარეზებს. სექტემბრიდან ნოემბრის ჩათვლით, ნაკრებები საშინაო და საგარეო შეხვედრებს გამართავენ. ერთა ლიგის ოთხივე დივიზიონის, ქვეჯგუფების გამარჯვებული 16 გუნდი, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე ავტომატურად მოსახვედრი ოთხი საგზურისათვის იბრძოლებს. თითოეული დივიზიონის ოთხი საუკეთესო ნაკრები პლეი-ოფის სისტემით, ნახევარფინალურ შეხვედრებს გამართავს. ფინალში გამარჯვებული ნაკრებები კი ევროპის ჩემპიონატის საგზურს გაიფორმებენ.
A-ლიგა
  • ჯგუფი A1: გერმანია, საფრანგეთი, ჰოლანდია
  • ჯგუფი A2: ბელგია, შვეიცარია, ისლანდია
  • ჯგუფი A3: პორტუგალია, იტალია, პოლონეთი
  • ჯგუფი A4: ესპანეთი, ინგლისი, ხორვატია
ერთა ლიგის A დივიზიონში, თავი ევროპის უძლიერესმა ნაკრებებმა მოიყარეს. 12 ტოპ-ნაკრები, ოთხ 3 გუნდიან ქვეჯგუფში გადანაწილდა. ქვეჯგუფების ბოლოადგილოსნები B-ლიგაში დაქვეითდებიან.

B-ლიგა

  • ჯგუფი B1: სლოვაკეთი, უკრაინა, ჩეხეთი
  • ჯგუფი B2: რუსეთი, შვედეთი, თურქეთი
  • ჯგუფი B3: ავსტრია, ბოსნია&ჰერცოგოვინა, ჩრდილოეთ ირლანდია
  • ჯგუფი B4: უელსი, ირლანდია, დანია
A-ლიგის მსგავსად, B-ლიგაშიც, ოთხი 3 გუნდიანი ქვეჯგუფია, რომელშიც თავი თანაბარი სიძლიერის ნაკრებებმა მოიყარეს. ქვეჯგუფების გამარჯვებულები A-ლიგაში აღზევდებიან, ბოლოადგილოსნები კი C-ლიგაში დაქვეითდებიან.

C-ლიგა

  • ჯგუფი C1: შოტლანდია, ალბანეთი, ისრაელი
  • ჯგუფი C2: უნგრეთი, საბერძნეთი, ფინეთი, ესტონეთი
  • ჯგუფი C3: სლოვენია, ნორვეგია, ბულგარეთი, კვიპროსი
  • ჯგუფი C4: რუმინეთი, სერბეთი, მონტენეგრო, ლიტვა
C-ლიგაში, ერთი 3 გუნდიანი და სამი 4 გუნდიანი ქვეჯგუფია. ქვეჯგუფების გამარჯვებულები B-ლიგაში აღზევდებიან, ბოლოადგილოსნები კი D-ლიგაში დაქვეითდებიან.

D-ლიგა

  • ჯგუფი D1: საქართველო, ლატვია, ყაზახეთი, ანდორა
  • ჯგუფი D2: ბელარუსი, ლუქსემბურგი, მოლდოვა, სან მარინო
  • ჯგუფი D3: აზერბაიჯანი, ფარერები, მალტა, კოსოვო
  • ჯგუფი D4: მაკედონია, სომხეთი, ლიხტენშტეინი, გიბრალტარი
D-ლიგის, D1 ჯგუფი ქართველი გულშემატკივრის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. საქართველოს ნაკრებს საკმაოდ რეალური შანსი გაუჩნდა ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად. აღნიშნულის შესახებ მიშელ პლატინიმაც ისაუბრა. D-ლიგის ქვეჯგუფების გამარჯვებულები, C-ლიგაში აღზევდებიან. შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები, ქვეჯგუფის პირველ შეხვედრაში, 6 სექტემბერს, სტუმრად ყაზახეთს დაუპირისპირდება.
აღსანიშნავია რომ UEFA-ს ერთა ლიგის დასრულების შემდეგ, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპიც ჩატარდება. ევროპის ჩემპიონატის კენჭისყრა, მიმდინარე წლის დეკემბერში, დუბლინში გაიმართება. ევრო 2020-ზე მოსახვედრ 20 საგზურს, საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ, ჯგუფების პირველ და მეორეადგილოსნები გაინაწილებენ, დარჩენილი ოთხი საგზური კი ერთა ლიგის დივიზიონების გამარჯვებულებს ერგებათ. იმ შემთხვევაში თუ ერთა ლიგის დივიზიონის გამარჯვებული საკვალიფიკაციო ეტაპსაც წარმატებით გადალახავს - საგზური მასზე ერთი პოზიციით დაბლა მდგომ ნაკრებს გადაეცემა.

სხვა სტატიები