Belive

უეფა-ს ოფიციალური განცხადება კოკა-კოლას შემთხვევებთან დაკავშირებით

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
იყო დრო, როდესაც კრიშტიანუ რონალდუ "კოკა-კოლას" რეკლამაში მონაწილეობდა, თუმცა მას შემდეგ წლები გავიდა, პორტუგალიელი კი ჯანსაღი კვების მიმდევარი გახდა. სწორედ ამიტომ, პრესკონფერენციაზე, მის წინ დადგმული კოკა-კოლის ბოთლი გვერდით გადადო და თქვა: "დალიეთ წყალი". ამ ამბავს სოციალურ ქსელში დიდი გარჩევა მოჰყვა: ზოგიერთი რონალდუს პოზიციას ეთანხმება, ნაწილი მას წარსულს ახსენებს, ზოგი იმასაც ამბობს, პორტუგალიელი ასე მხოლოდ სხვების დასანახად იქცევაო. საერთო ჯამში, ერთი რამ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ: გავლენიანი ადამიანისგან ჯანსაღი ცხოვრებისკენ მოწოდება უდავოდ დასაფასებელია, თუმცა პორტუგალიელმა ის ნამდვილად არ გაითვალისწინა, რომ კოკა-კოლას ფეხბურთის განვითარებაში წვლილი უკვე დიდი ხანია შეაქვს. რონალდუს პრესკონფერენციიდან მეორე დღეს, პოლ პოგბამ, მის წინ მდგომი "ჰაინეკენის" ბოთლი გვერდით გადადგა. თავდაპირველად, მედიამ არასწორი დასკვნა გააკეთა და ეს "რონალდუს ეფექტად" მონათლა, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ პოგბა მუსულმანია და ალკოჰოლს სწორად ამიტომ ერიდება. ყველაფერი ამით არ დასრულებულა: "რონალდუს ეფექტი" სრულად გაიზიარა იტალიელმა ნახევარმცველმა, მანუელ ლოკატელიმ. უკრაინელმა იარმოლენკომ და ბელგიელმა ლუკაკუმ კი, "კოკა-კოლას" მხარდაჭერა გამოუცხადეს და ამასობაში, აღნიშნული თემა ძალიან აქტუალური გახდა.

უეფა-ს პოზიცია

ცხადი იყო, რომ უეფა აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას უკვე მალე გააკეთებდა. ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირმა (უეფა), ევრო 2020-ზე მონაწილე გუნდებს შეახსენა, რომ სპონსორები ტურნირის ჩატარებაში უდიდეს როლს თამაშობენ და რომ მათი ჩართულობა ფეხბურთის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მარტინ კალენმა, ადამიანმა, რომელიც ევრო 2020-ს ხელმძღვანელობს, აღნიშნა, რომ უეფა-ს განცხადება რონალდუს ქმედებას უკავშირდება, თუმცა პოლ პოგბას შემთხვევა განსხვავებულია. "როდესაც საქმე რელიგიურ მიზეზს შეეხება, ბოთლი პრესკონფერენციაზე აღარ განთავსდება", - პოგბამ გვერდით უალკოჰოლო ლუდი გადადგა, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ უალკოჰოლო ლუდი მაინც ალკოჰოლური სასმელებს მიეკუთვნება, როგორც ჩანს, გადაწყვეტილება ყველა ტიპის სასმელზე ვრცელდება. ასევე გეტყვით, რომ უეფა-ს სადამსჯელო ღონისძიებებისთვის ჯერჯერობით არ მიუმართავს.

სხვა სტატიები