Belive

უეფას განცხადებას რეალი, ბარსელონა და იუვენტუსი ოფიციალური წერილით პასუხობენ

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
სუპერლიგასთან დაკავშირებით გავრცელებულ უეფას განცხადებას დღეს ,,რეალ მადრიდმა'', კატალონიის ,,ბარსელონამ'' და ტურინის ,,იუვენტუსმა'' ოფიციალური წერილით უპასუხეს.
,,დამფუძნებელი კლუბები მესამე მხარისგან განიცდიან შეურაცხყოფას, მუქარასა და ზეწოლას. შესაბამისად, ისინი თავს არიდებენ საკუთარ მოვალეობას, კონსტრუქციული დიალოგის საშუალებით გადაჭრან პრობლემა. კანონის თანახმად, ეს მიუღებელია და სასამართლომ სუპერლიგის სასარგებლოდ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ფიფასა და უეფას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რაც ახალ ინიციატივას ხელს შეუშლის მანამ, სანამ სამართალწარმოება მიმდინარეობს. სინანულით აღვნიშნავთ, რომ ჩვენი პარტნიორები და სუპერლიგის დამფუძნებლები წინააღმდეგობრივ მდგომარეობაში აღმოჩდნენ, რადგან გუშინ ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც უეფასთან არაერთ ვალდებულებას ითვალისწინებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს ისტორიას და შევასრულოთ ჩვენი მოვალეობები. ვალდებულები ვართ, პასუხისმგებლობით ვიმოქმედოთ და უეფას მუქარებისა და მუდმივი ზეწოლის მიუხედავად, ადეკვატური გადაწყვეტილებები მივიღოთ.''
განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ახალი პროექტის დამფუძნებელი 12 გუნდი აღიარებს სუპერლიგის უნიკალურ შესაძლებლობას, გულშემატკივრებს შესთავაზონ საუკეთესო სანახაობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გააძლიერონ გლობალური ინტერესი ამ სპორტის მიმართ. მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქალთა ფეხბურთის პოპულარიზაციაა. გარდა ამისა, კლუბები აცხადებენ, რომ აცნობიერებენ ახალი ტურნირის შესახებ არსებულ სხვადასხვა შეხედულებებს და გაჩენილ კითხვებზე პასუხების გასაცემად მზად არიან. გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, უეფამ ,,მანჩესტერ სიტის”, ,,მანჩესტერ იუნაიტედს”, ,,ჩელსის”, ,,ტოტენჰემს”, ,,არსენალს”, ,,მილანს”, ,,იუვენტუსს”, ,,ინტერსა” და ,,ატლეტიკოს” სანქციები უკვე დააკისრა – ამ კლუბებს ჩემპიონთა ლიგის მომავალ სეზონში შემოსავლის 5%-ი დააკლდებათ. რაც შეეხება ,,ბარსელონას”, ,,რეალსა” და ,,იუვენტუსს”, რომლებსაც სუპერლიგის დატოვების შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ, ორგანიზაციისგან უფრო მკაცრი სასჯელი ელით – ჩეფერინის ინიციატივით, ეს გრანდები, შესაძლოა, მომავალი 2 წლის განმავლობაში ყველა ევროტურნირიდან მოკვეთონ. უეფაში დისკვალიფიკაციაზე საუბარი ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის შემდეგ დაიწყება.    

სხვა სტატიები