Belive

უგოლო ფრე თბილისურ დერბიში - საბურთალომ და ლოკომოტივმა ქულები გაიყვეს

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის მესამე სათამაშო დღის პირველი შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის არენაზე შედგა. ვაკეში თბილისური დერბი გაიმართა - ერთმანეთს "საბურთალო" და "ლოკომოტივი" დაუპირისპირდნენ. ყოფილი გუნდს გიორგი ჭიაბრიშვილი პირველად დაუპირისპირდა და პირველი ქულაც მოიპოვა. მატჩამდე, საქართველოს ექს-ჩემპიონი 8 ქულით ცხრილში მეოთხე პოზიციას იკავებდა, ხოლო "რკინიგზელებს" ზედიზედ ორი მარცხი, სამმატჩიანი მოუგებელი სერია და ბოლოდან მეოთხე ადგილი ეკავათ. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლოადგილოსან "ჩიხურასთან" ერთად, "ლოკოს" ყველაზე მეტი - 11 გოლი ჰქონდა გაშვებული. პირველი ტაიმის უმეტესი ნაწილი თანაბარ თამაშში წარიმართა და რამდენიმე სახიფათო მომენტი ორივე გუნდს შეექმნა, თუმცა გამოკვეთილი უპირატესობა და რეალური საგოლე შანსი არცერთ მოწინააღმდეგეს ჰქონია. მეორე ნახევარში "საბურთალომ" მოუმატა, ბურთზე კონტროლი დააწეასა და მეტოქის საჯარიმოს გარშემო კომბინაციების გათამაშებას ცდილობდა. შეტევაში სიმწვავე გიორგი კოხრეიძეს შეჰქონდა, მოედნის ცენტრში კი მდგომარეობას დაჩი ცნობილაძე და სანდრო ალთუნაშვილი არეგულირებდნენ. მატჩის ყველაზე რეალური და ამავდროულად საკამათო ეპიზოდი 78-ე წუთზე დაფიქსირდა, როცა შეხვედრის მასპინძლებს გოლი არ ჩაუთვალეს. ცვლილებაზე შემოსული ლეგიონერის, ლუმუს მიერ ძლიერად შესრულებული საჯარიმო დარტყმა მეკარე მამარდაშვილმა მოიგერია, კაკუბავას დამატების შემდეგ კი ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა, თუმცა არბიტრმა გოლი არ დააფიქსირა. ამ ეპიზოდის შემდეგ, რეალური შანსი არცერთ გუნდს მისცემია და საბოლოოდ მატჩი უგოლო ფრემდე მივიდა. შემდეგ ტურში, "საბურთალო" "ტორპედოს", ხოლო "ლოკომოტივი" "თელავს" დაუპირისპირდება. "საბურთალო": კუპატაძე - ჭიჭინაძე, მარგველაშვილი, კაკუბავა - ტაბატაძე, ალთუნაშვილი, ტერა - გრიგალაშვილი (მაჭარაშვილი, 46) - ბელიაევი (ცნობილაძე, 46) - ქავთარაძე (ლუმუ, 71), კოხრეიძე. (3-4-1-2). მთავარი მწვრთნელი: თემურ შალამბერიძე. "ლოკომოტივი": მარადაშვილი - გაბაძე, ანდრონიკაშვილი, გურეშიძე - კირკიტაძე (ძებნიაური, 78), სამურკასოვი (შეყილაძე, 65), შონია, დარცმელია, უბილავა - არველაძე (გავაშელიშვილი, 56), სიხარულიძე. (3-5-2). მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი. გაფრთხილება: თორნიკე კირკიტაძე (62, გაძევება, 89), ალექსანდრე გურეშიძე (66), თორნიკე ძებნიაური (90+3). მთავარი მსაჯი: ბაკურ ნინუა. ფოტო: ს.კ "ლოკომოტივის" პრესსამსახური

სხვა სტატიები