Belive

უნაი ემერი ნიუკასლის მთავარი მწვრთნელობის კანდიდატთა შორის ლიდერობს

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"არსენალის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი - უნაი ემერი, გასულ წელს "ვილიარეალს" ევროპა ლიგის მოგებაში დაეხმარა. ბრიტანული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ემერი "ნიუკასლის" მთავარი მწვრთნელობის კანდიდატთა შორის ლიდერობს. სტივ ბრიუსის გათავისუფლების შემდეგ, "ნიუკასლის" მესვეურები ახალი მწვრთნელის ძიებაში არიან და რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ. Sky Sports News-ის მტკიცებით, პრემიერ ლიგის კლუბის მესვეურებსა და ესპანელ სპეციალისტს შორის, გასული 48 საათის განმავლობაში მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ნიუკასლი" მზადაა ემერის გასაფორმებლად £6 მილიონიანი კომპენსაცია გადაიხადოს. UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში, "იანგ ბოიზსთან" მოპოვებული გამარჯვების (2:0) შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე, ემერიმ "ნიუკასლის" მხრიდან გამოჩენილი ინტერესი დაადასტურა.
"მათი მხრიდან დაინტერესება ნამდვილად იყო - მხოლოდ ამის თქმა შემიძლია. ამ დროისათვის ოფიციალური წინადადებით არავის მოუმართავს. მანამ სანამ თანხმობას ან უარს განვაცხადებ, კლუბის წარმომადგენლებს გავესაუბრები", - აღნიშნა უნაი ემერიმ. 
"ნიუკასლს" ახალი მთავარი მწვრთნელის გაფორმება რაც შეიძლება მალე სურს - იქმნება შთაბეჭდილება, რომ უნაი ემერი ახალ გამოწვევას დათანხმდება. რადგან 2019 წელს, "არსენალიდან" გათავისუფლების შემდეგ, ესპანელ სპეციალისტს ინგლისში საკუთარი რეპუტაციის ამაღლება სურს. 2020 წელს ემერიმ "ვილიარეალი" ჩაიბარა - ემერის მეთაურობით, UEFA-ს ევროპა ლიგის ფინალში, "ვილიარეალმა" "მანჩესტერ იუნაიტედი" პენალტების სერიაში დაამარცხა.

სხვა სტატიები