Belive

უოტფორდის კაპიტანმა და ფეხბურთელებმა ვარჯიშის განახლებაზე უარი განაცხადეს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კორონავირუსის პანდემიის გამო პრაქტიკულად ყველა სპორტული ღონისძიება შეჩერებულია. 2 თვიანი პაუზის შემდეგ, ევროპის ქვეყნები თანდათან ამცირებენ შეზღუდვებს და გუნდებს ვარჯიშის განახლების შესაძლებლობას აძლევენ. სრულიად საფეხბურთო სამყარო მოუთმენლად ელის ინგლისის პრემიერ ლიგის განახლებას. გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანეთის ხელისუფლებამ პრემიერ ლიგის გუნდებს ვარჯიშის დაწყების შესაძლებლობა მისცა - ელიტური საკლუბო საფეხბურთო ჩემპიონატი კი შესაძლოა ივნისში გაგრძელდეს. მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, "უოტფორდის" კაპიტანმა - ტროი დინიმ და კლუბის რამდენიმე ფეხბურთელმა ვარჯიშის განახლებაზე უარი განაცხადეს. ტროი დინის მტკიცებით, მისთვის ოჯახის წევრების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ანაზღაურება. ტროი დინის გადაწყვეტილებაზე დიდწილად გავლენა იმ გარემოებამ იქონია, რომ "უოტფორდის" 3 ფეხბურთელს კორონავირუსი აღმოაჩნდა. სანამ პრემიერ ლიგა განახლდება, ბრიტანეთში ფეხბურთელებს კორონავირუსზე აქტიურად ამოწმებენ. ოფიციალური ინფორმაციით, შემოწმების შედეგად 6 ფეხბურთელს COVID-19 დაუდგინდა. ბრიტანული მედიის ცნობით, ამ მომენტისთვის ტესტირება 748 ფეხბურთელსა და გუნდის წარმომადგენლებს ჩაუტარდა – 3 გუნდის 6 მოთამაშეს კორონავირუსი დაუდგინდა. ისინი სასწრაფოდ თვითიზოლაციაში გადაიყვანეს. დადასტურებული შემთხვევებიდან 3 "უოტფორდის" ფეხბურთელია.

სხვა სტატიები