Belive

უოტფორდს ჩისკო "სჭირდება" | ესპანელმა ნდობა დაიმსახურა

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
პრემიერ ლიგის მე-5 ტურის ეგიდით გამართულ შეხვედრაში, "ნორვიჩის" წინააღმდეგ მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ (1:3), "უოტფორდის" კიპერმა ჩისკოს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. ბენ ფოსტერის მტკიცებით, "უოტფორდის" მთავარმა მწვრთნელმა ნდობა დაიმსახურა. "კეროუ როუდზე" გამართული შეხვედრა, ჩისკოსათვის "უოტფორდის" მთავარი მწვრთნელის რანგში გამართული 33-ე ოფიციალური მატჩი აღმოჩნდა. ამხანაგური მატჩების ჩათვლით, ჩისკომ "უოტფორდის" მთავარი მწვრთნელის რანგში 40 შეხვედრა გამართა. ჩისკომ მიაღწია ნიშნულს, რომლის მიღწევაც მისმა წინამორბედმა სპეციალისტმა ვერ შეძლო. ვლადიმირ ივიჩმა და ნაიჯელ პირსონმა "უოტფორდს" მხოლოდ 22-22 შეხვედრაში უხელმძღვანელეს. კიკე სანჩეს ფლორესის სამწვრთნელო მოღვაწეობა კი მხოლოდ 12 დაპირისპირებას ითვლის. ბენ ფოსტერის მტკიცებით, ჩისკო სწორედ ის სპეციალისტია, რომელიც "უოტფორდს" პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში არსებული გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება.
"ის ფეხბურთელებში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. "უოტფორდის" ნებისმიერ ფეხბურთელს, რომ ჰკითხოთ გიპასუხებთ: "დიახ ის კარგი მწვრთნელია და ჩვენ მას პატივს ვცემთ." ჩისკო დიდებული პიროვნებაა - არა მხოლოდ ის, არამედ მისი სამწვრთნელო შტაბის წევრების გამორჩეული სპეციალისტები არიან. ის ყოველთვის ენერგიითაა დამუხტული, ყოველთვის პოზიტიურ განწყობაზეა და ყოველთვის იღიმის. ძალზედ მნიშვნელოვანია კარგი ადამიანების გარემოცვაში ყოფნა", - აღნიშნა ბენ ფოსტერმა.
პრემიერ ლიგის მე-6 ტურის შეხვედრაში, ჩისკოს გაწვრთნილი "უოტფორდი" "ნიუკასლს" უმასპინძლებს.    

სხვა სტატიები