Belive

უპასუხოდ დარჩენილი კითხვები და კუმანის განცხადება | კუმანი ჟურნალისტებს დაუპირისპირდა

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"მე ბარსელონას მომავალი ვარ!" - ეს სიტყვები გუნდის მთავარ მწვრთნელს, რონალდ კუმანს ეკუთვნის. თუმცა ყველაფერი სხვაგვარად მიმდინარეობს: "კადისთან" გასამართი მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე, რონალდ კუმანმა წინასწარ მომზადებული ტექსტი წაიკითხა და ჟურნალისტების კითხვები უპასუხოდ დატოვა. კატალონიის მთავარ გუნდში კრიზისია და ამას არავინ უარყოფს: რეკორდული ვალისა და მენეჯმენტში არსებული არეულობის ფონზე, გუნდი არათუ წამყვანმა ფეხბურთელებმა, არამედ ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმაც დატოვეს. შედეგი კი სახეზეა: "გრანადასთან" ნათამაშები ფრის დროს, "ბლაუგრანას" დაცვას ბალდე, არაუხო, გარსია და დესტი ამაგრებდნენ, მეტოქის კარის აღებაზე კი მატჩის ბოლო 15 წუთში პიკე (!!!) ზრუნავდა. "გრანადამდე" იყო ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი მარცხი - "ბაიერნმა" კატალონიელებს მოედანზე გადაადგილების შანსიც კი არ მისცა. შედეგად, გუნდის მთავარი მწვრთნელის მიმართულებით კრიტიკა უკვე აქტიური გახდა. კრიტიკას კი კუმანმა წინასწარ მომზადებული წერილითა და ჟურნალისტების უგულებელყოფით უპასუხა.
"გუნდი ჩემს ხელშია, ამჟამად გუნდი ხელახლა შენების პროცესშია. კლუბის ფინანსური სიტუაცია სპორტულ შედეგებთან პირდაპირ არის კავშირში, სპორტული შედეგები კი ფინანსურ მდგრადობაზე აისახება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გუნდის შენება ფინანსური ინვესტირების გარეშე გვიწევს. ამას კი დრო სჭირდება. რამდენიმე წელიწადში, გუნდში მოთამაშე ახალგაზრდა ფეხბურთელები ვარსკვლავებად იქცევიან. გუნდის რეკონსტრუქციისთვის, ჩვენ ახალგაზრდა ფეხბურთელებს თავის გამოჩენის შესაძლებლობა უნდა მივცეთ. გაიხსენეთ ხავისა და ინიესტას მაგალითი. ჩვენ მოთმინება გვმართებს. ლა ლიგის ცხრილის სათავეში ყოფნა დიდი წარმატება იქნება, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე სასწაულებს არ უნდა ველოდოთ. "ბაიერნთან" თამაში სწორად ამ ჭრილიდან უნდა განვიხილოთ. ჩვენ ისეთ პერიოდში ვიმყოფებით, როდესაც გუნდს განსაკუთრებული მხარდაჭერა და გამხნევება სჭირდება. იმედი მაქვს, მედია გაიაზრებს ამ მდგომარეობას - ეს არ არის პირველი შემთხვევა ისტორიაში, როდესაც კლუბმა ასეთი რამ გამოსცადა", - განაცხადა კუმანმა.
განცხადების დასრულების შემდეგ, კუმანი ფეხზე წამოდგა და პრესკონფერენცია დატოვა. შეგახსენებთ, "ბარსელონა" მომდევნო მატჩს "კადისის" წინააღმდეგ 23 სექტემბერს, 23:59-ზე გამართავს.

სხვა სტატიები